ამერიკული კომპანია “Hi-Lite Global Corporation” პროექტებს გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში ახორციელებს. კომპანიას გააჩნია ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები მაგისტრალებისა და ასაფრენი ბილიკების მოვლა-პატრონობის, ასევე, საგზაო ნიშნების დამონტაჟებისა და გზების დახაზვის სფეროში.
როგორც კომპანიის მრჩეველმა იურიდიულ საკითხებში ჯონ ჩიგბუმ აღნიშნა, კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციების ჩადებით და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობით.
შეხვედრაზე მინისტრმა ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ტენდერებში მონაწილეობის პირობები და უახლოეს მომავალში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა შორისაც განსაკუთრებული ყურადღება რუსთავი-თბილისის მაგისტრალის, სამტრედია-გრიგოლეთის გზის და E-60 საერთაშორიო მაგისტრალის სხვა მონაკვეთებზე გამახვილდა.
“ეს არის საკმაოდ გამოცდილი კომპანია, რომელსაც შეუძლია ამერიკის „ექსიმ ბანკიდან“ მოიზიდოს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია. უკვე შეინიშნება ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების გამოცოცხლება და დღევანდელი შეხვედრაც სამომავლოდ ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.
“პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო მინისტრს იმისათვის, რომ მოგვცა შესაძლებლობა, მოვსულიყავით და გაგვეცნო ჩვენი წინადადებები. მე წარმოვადგენ ამერიკულ კომპანია “Hi-Lite Global Corporation”-ს და ჩვენი მიზანია საქართველოში ინვესტიციების ჩადება. ჩემი აზრით, საქართველო საუკეთესო ქვეყანაა ინვესტირებისთვის. აქ ცხოვრობს კარგი ხალხი, გყავთ სტაბილური მთავრობა და გაქვთ სწრაფად მზარდი ეკონომიკა, რაც კარგად ეტყობა საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებას,“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯონ ჩიგბუმ.