მომღერალმა იაგო კუპრეიშვილმა ეს კონცერტი 21 წლის ხონელ ყმაწვილს მიუძღვნა. შემოსული თანხით ცოტნე საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასასვლელ საბუთებს გააკეთებს და უცხოურ კლინიკაში თირკმელს გადაინერგავს.
საღამოს წამყვანები ჟურნალისტები – ლიკა სანაია და თაზო ბენიძე იყვნენ. კონცერტში მონაწილეობდა დათო ოჩიგავა და ხონის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „თაობა“, ქორეოგრაფი დაზმირ ლიპარტელიანი.
მინერი ონიანი, კულტურის სახლის დირექტორი: “ძალიან ამაღელვებელ განწყობაზე ვარ. საოცარი დამთხვევა იყო _ ჩემს თანამშრომლებთან ერთად სწორედ საქველმოქმედო კონცერტის დაგეგმვას ვაპირებდით, ამ დროს გაიღო კარი და ახალგაზრდა ყმაწვილი შემოვიდა. როგორც მერე გავიგეთ, თაზო ბენიძე საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებას აპირებდა და ჩვენთან ამიტომ მოვიდა. დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. დღეს კი ძალიან გახარებული ვარ. შევძელით და რაიონის ხელმძღვანელობის, სკოლების დახმარებით მოვახდინეთ ბილეთების რეალიზაცია და დავეხმარეთ ცოტნეს. ხონელმა ახალგარზდებმა კი დიდად ისიამოვნეს საყვარელ მომღერალთან, იაგო კუპრეიშვილთან შეხვედრით. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თუნდაც მცირედით შეძლო ცოტნესთვის სიხარული ეჩუქებინა. დღეს ჩვენ მომავალ თაობას კიდევ ერთხელ დავანახეთ, რომ ძალა ერთობაშია და ერთად ყველაფერს შევძლებთ”.