აჭარაში მიმდინარე ახალ პროექტს ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო კომპანია “ტატა ჯგუფის’’ წარმომადგენლებიც გაეცნობიან. ისინი შუახევში “ნიუ ენერჯის” მიერ დაარსებულ პროფტექნიკურ სასწავლებელსაც დაათვალიერებენ.
პროექტი “აჭარის წყალი ჯორჯია” (ნიუ ენერჯი) მიზნად ისახავს მოამარაგოს საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემები განახლებადი ელექტროენერგიით. დაგეგმილია სამი ჰიდროელექტროსადგურის (შუახევიჰესი, კორომხეთიჰესი, ხერთვისიჰესი) მშენებლობა, რომლის საშუალო წლიური გამომუშავება 500-1200 მგვტ.სთ იქნება. ჰესების მშენებლობის საერთო ღირებულება 300-700 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. პროექტი საშუალებას მისცემს საქართველოს გამოიყენოს მისი ენერგეტიკული რესურსი ზამთარში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. პროექტი დამყარებული იქნება ამჟამად მიმდინარე ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესწავლის შედეგად გაცემულ რეკომენდაციებზე. აჭარისწყლის პროექტის ერთ-ერთი მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და პროფესიონალი კადრების გადამზადებას.
შპს “აჭარისწყალი ჯორჯია” წარმოადგენს სპეციალური დანიშნულების ერთეულს, რომელიც მდინარე აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ჰიდრორესურსების ათვისების მიზნით შეიქმნა. აჭარისწყლის ჰიდროენერგო პროექტი ხორციელდება ნორვეგიული ჰიდროენერგო კომპანიის “ქლინ ენერჯი გრუპი”-სა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, IFC InfraVentures პროგრამის ფარგლებში, რომელიც აი-ეფ-სიმ, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, განვითარების ადრეულ სტადიაზე მყოფი პროექტების ხელშეწყობის მიზნით დაიწყო.