“მუზეუმი” თავისთავად უწყინარი სიტყვაა. მისი წარმოთქმისას თვალწინ გვეხატება ქუჩის ხმაურისგან იზოლირებული, გრილი, ისტორიული სიძველეებით სავსე დარბაზები. იქ სტუმრობის შემდეგ დიდი ხანი არ გვტოვებს სიმშვიდის, სიამაყისა და ბედნიერების განცდა.
ასეთივე მორალური და ესთეტური დატვირთვა აქვს ძეგლს, ისტორიული მოვლენისა თუ ცალკეულ პერსონათა ხსოვნისადმი მიძღვნილ ნებისმიერ მემორიალს.
ასეა ნებისმიერ ქვეყანაში _ თითქმის ყველგან…
თუმცა, არსებობენ ე.წ. ვიქტიმური ადამიანები და ერებიც კი. ვიქტიმურობა (რუსულად _ “უშერბნოსტ”?) გარკვეული კომპლექსია _ ჩაგრულის კომპლექსი, როცა ადამიანი (ერი) ვერ ივიწყებს განცდას, რომ მას მუდმივად ჩაგრავდნენ და ჩაგრავენ. როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ზოგიერთისათვის ეს სიამაყის (?) საფუძველიც ხდება. ეს გრძნობა გარდა დიდი ტკივილისა, მაზოხისტური ტკბობის საგნადაც იქცევა და ამიტომ ვიქტიმურ ადამიანებს (ერებს!) არ შეუძლიათ და არც სურთ საკუთარი ვიქტიმურობიდან გამოსვლა; ამიტომაცაა, რომ ზოგიერთი ერი საუკუნეების წინათ განცდილ ტრაგედიას გუშინდელივით მძაფრად განიცდის და ,,დამნაშავეებთან” დღემდე მტრობს.
ასეთი ერები ქმნიან საკუთარი ვიქტიმური განცდების უკვდავსაყოფ საკულტო ნიშნულებს, გენოციდების მემორიალებს, მუზეუმებს… (ხომ არ გეცნობათ?).
ქართველისათვის ვიქტიმურობა არასოდეს ყოფილა დამახასიათებელი და სწორედ ესაა ჩვენი ოპტიმისტური ბუნების, მარადიული ახალგაზრდობის, მომავლის რწმენის საფუძველი.
ჩვენ ომებსა და ბრძოლებში ბევრჯერ დავმარცხებულვართ; ალბათ, ბევრად მეტჯერ, ვიდრე გაგვიმარჯვია, მაგრამ დაჩაგვრით ვერავინ გვჩაგრავდა. ოკუპირებულიც ბევრჯერ ვყოფილვართ, მაგრამ ოკუპაციის პირობებშიც ოკუპანტი იძულებული იყო, ანგარიში გაეწია ქართველის უტეხი ხასიათისათვის და ყველანაირად ცდილობდა კომპრომისის მიღწევას დამარცხებულ, მაგრამ მაინც გაუტეხავ “მცირე ერთან”.
ქართველის ბუნებას ყველაზე ლაკონურად “ვეფხისა და მოყმის” ბალადა გამოხატავს, რომელიც საფუძველშივე სპობს ვიქტიმურობის მორალურ საფუძვლებს.
ოკუპაციის მუზეუმი იმთავითვე არაქართული მოვლენაა, რადგან იგია ერის სულმოკლეობის, მონური სულისკვეთების, ლაჩრობის საბუთი;
ეს არაქრისტიანულიცაა!
ბოღმის, სიძულვილის, ზიზღის გულში ჩახვევა და მუდამ ამ სიბინძურით ცხოვრება რუსთაველისა და ვაჟა ფშაველას სამშობლოს არ შეუძლია.
თქვენ წარმოგიდგენიათ, რუსული ოკუპაციის მუზეუმთან ერთად, რომ გავხსნათ სპარსული, ბერძნული, არაბული, ოსმალური ოკუპაციის მუზეუმები! მათ რა, შეიძლება ითქვას, რომ ნაკლები ზიანი მოუყენებიათ საუკუნეების მანძილზე? მარტო ასი ათასი წამებულის ხსენება რად ღირს! ამის გამო ხომ ანათემას უნდა გადავცემდეთ ,,დამნაშავეებს!”
ჩვენ ვუფრთხილდებით წამებულთა ხსოვნას; მემორიალებს ვუგებთ სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს და ა.შ. მაგრამ არა იმისათვის, რომ სიძულვილის ეკალი ვახაროთ ჩვენს სულში, არამედ სიყვარულის ნერგის გადასარჩენად!
ამიტომაც მიმაჩნია, რომ რუსული ოკუპაციის მუზეუმი არაქართული მოვლენაა და მისი გახსნის ინიციატორიც არ არის ქართველი!
ასეთი მუზეუმები ჩვენი ერის სულიერი გადაგვარების საქმეს ემსახურება, რასაც ასე მონდომებით ცდილობდა ნაცმოძრაობა!
ასეთი რამ სხვა ეპოქის არც ერთ ქართველს არ მოსვლია თავში!
მიმაჩნია, რომ ქართულ საზოგადოებას უნდა ეყოს სიბრძნე, გაუფრთხილდეს ერის სულიერ ღირებულებებს და ოკუპაციის მუზეუმი თან გააყოლოს ისტორიულ მოუსავლეთში მიმავალ პოლიტიკურ გუნდს.
P.S. ეს მცირე წერილი დასრულებული იყო, როცა ცნობილმა პუბლიცისტმა და პოეტმა სოსო მაჭარაშვილმა მითხრა, რომ თურმე, 1989-90 წლებში, კომკავშირის ცკ-ს შენობაში რეზო თაბუკაშვილს გაუხსნია ,,მადლიერების მუზეუმი”!
მსგავსი რამ აქვთ ებრაელებს.
მე მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი!






























































