რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამსახურების საჯარო მოხელეებს სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ გაფრთხილება მიეწოდათ. საჯარო მოხელეებს შეეძლებათ, გადაწყვეტილება ერთი თვის ვადაში გაასაჩივრონ . აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძეს ვთხოვეთ:
_ აპარატის რეორგანიზაციას ვატარებთ. ეს საკითხი ბიუროს სხდომაზე გავიდა და ახლა გადაცემულია ფრაქციებისთვის განსახილველად. ზოგი სამსახური უქმდება, ზოგი _ იქმნება. მაგალითად, ზედამხედველობის სამსახური უქმდება და განყოფილების სახით შევა აუდიტის სამსახურში.
_ ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ კოჰაბიტაციის პროცესი ლანჩხუთში შეიძლება შეწყდეს?
_ არა, ჩვენ ძალიან ნორმალური და კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს კოლეგებთან, პარტიული ნიშნით კადრების შერჩევას არ ვაპირებთ. თუ ადამიანს დანაშაულებრივი ქმედებები არ ჩაუდენია, თან თუ პროფესიონალია, მე, პირადად, არ ვაპირებ სამსახურიდან ასეთი ადამიანების გაშვებას. ლანჩხუთში კოჰაბიტაციის მხრივ კარგად მიდის საქმე.