არსებული ტრადიცია არც ოქტომბრის შემდეგ შეცვლილა – 2013 წლის იანვრის ჩათვლით, კვლავ იგივე რაოდენობის თანხა აიღეს პრემიების სახით. მაგალითად, 2013 წლის იანვარში, არჩილ კბილაშვილმა და მისმა სამმა მოადგილემ – ლაშა ნაცვლიშვილმა, დავით მჭედლიშვილმა და შოთა რეხვიაშვილმა 5 870 ლარის ოდენობის პრემიები აიღეს.
ამ მონაცემებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ამ უწყებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს.
რაც შეეხება სხვა თანამშრომლებს, პრემიის სახით, 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მთავარ პროკურატურაში სულ გაიცა 4 620 956 ლარი.
ამას გარდა, დაზუსტდა მთავარი პროკურატურის საშტატო ნუსხა შესაბამისი თანამდებობრივი სარგოების მითითებით. ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მთავარი პროკურორის ხელფასი შეადგენს 3 910 ლარს, პირველი მოადგილის – 3 520 ლარს, მოადგილის – 3 400 ლარს.
ასევე ირკვევა, რომ 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 18 თებერვლამდე, პროკურატურიდან პირადი განცხადების საფუძველზე სულ განთავისუფლდა 67 თანამშრომელი.
“საქართველოსმთავარმა პროკურატურამ უპასუხოდ დატოვა მოთხოვნა ხელმძღვანელობის მიერ განთავისუფლებულ თანამშრომელთა შესახებ. არასრულყოფილად არის მოწოდებული ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია, რადგან არ არის მოწოდებული დეტალური ბალანსი. ყველა სხვა შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია სრულყოფილია,” _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს.