ამ საკითხის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ექს-პრეზიდენტის ვაჟს, ცოტნე გამსახურდიას, რომელმაც აღნიშნა, რომ საერთოდ არ იცის, ვინ არიან ამ საინიციატივო ჯგუფის წევრები. მისი აზრით, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ამით პოლიტიკურ სარბიელზე გასვლას ცდილობს.
“ზვიადობის” დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლს, ირაკლი წერეთელს.
_ პირველ რიგში, გილოცავთ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. ბატონო ირაკლი, დღეს საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად საინიციატივო ჯგუფის მიერ “ზვიადობის” დღესასწაული გაიმართება. ამ საკითხის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ექს-პრეზიდენტის ვაჟს, ყოფილ პოლიტპატიმარ ცოტნე გამსახურდიას. ის ამბობს, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ამით პოლიტიკურ სარბიელზე აპირებს გასვლას. თქვენ როგორ აფასებთ “ზვიადობის” ტრადიციის დამკვიდრებას საქართველოში?
_ მეც გილოცავთ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, ვულოცავ მთელ ქართველ ერსა და საქართველოს, უფრო სწორად, კიდევ ვულოცავ, რადგან რამდენჯერმე უკვე მივულოცე. გილოცავთ, აგრეთვე, საყოველთაო რეფერენდუმში საქართველოსა და ქართველი ერის უბრწყინვალესი გამარჯვების 22 წლისთავს! მე პირადად მივესალმები ამ ინიციატივას და ვინ რას იტყვის, არ მაინტერესებს. ისე, მამულიშვილთა სახელების გამოყენებას პირადი ინტერესებისათვის ზოგად, მივიჩნევ უღირს საქციელად.
“გვსურს, ზვიად გამსახურდიას სახალხო დაფასებისათვის ზვიადობის დღესასწაული ყოველ წელს ტარდებოდეს და მას შესაბამისი მასშტაბები ჰქონდეს – პოეზიის საღამოები, სამეცნიერო კონფერენციები, გამოფენები და ა. შ., სადაც წარმოჩინებული იქნება მისი დამსახურებები საქართველოს წინაშე”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები და იმედოვნებენ, რომ დღესასწაულზე ძალიან ბევრი ხალხი მივა.