თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მომავალი 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ.
33-ე და 42-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა ამერიკელი და ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ბაზა „ლეზერნიკზე“ დასკვნით სწავლებას გადის.
ქართული ბატალიონების როტაციის პროცესი ავღანეთში აქტიურ ფაზაშია. 33-ე და 42-ე ბატალიონები მე-12 და 32-ე ბატალიონებს მომავალი ოთხი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად ჩაენაცვლებიან. ნატო–ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა დანაყოფებმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარეს. ბატალიონის პირადი შემადგენლობა იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა.