ჯერ იყო და, “ნაციონალების” ატრიბუტიკიანი მაისურების დარიგებაში მთელი ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს პოლიციელების ჩათვლით, მერე კი “ქართული ოცნების” წევრები არ შეუშვეს ბახმაროში. სხვათაშორის, არა მარტო “ქართული ოცნების” წარმომადგენლები _ არ შეუშვეს რიგითი ადამიანები, რომლებმაც გაბედეს და “მეოცნებეებს” მიესალმნენ.
იმ დროს, როცა ბახმაროს შესასვლელთან მობილიზებული სპეცრაზმი “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან “საქმეებს არჩევდა”, საქართველოს პრეზიდენტი კურორტზე ახალაშენებულ სასტუმროს, ამფითეატრს და ამბულატორიას ხსნიდა, ოღონდ ნახევრად დასრულებულს და, თავის დროზე, სხვის მიერ აშენებულს. სასტუმრო, რომლის “ფეშენით” საქართველოს პრეზიდენტი ტელეკამერების წინ თავს ამაყად იწონებდა, ჯერ კიდევ კომუნისტების ეპოქაში აიგო _ “ნაციონალურმა ხელისუფლებამ” ის მხოლოდ გაარემონტა და როგორც 19 აგვისტოს ბახმაროში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, კურორტის სავიზიტო ბარათად აქცია.
თუმცა, ეს რომ მხოლოდ და მხოლოდ კამერებისთვის დადგმული სპექტაკლი იყო, იმითაც დასტურდება, რომ სასტუმროში დღეს ავეჯის ნასახიც არ არის.
არადა, პრეზიდენტის სტუმრობისას, ლუქსის ტიპის ოთახში ბოლო მოდელის ავეჯთან ერთად, ახალი თეთრეულიც დაგვხვდა.
ჩვენს კითხვაზე _ ვინ და სად წაიღო ავეჯი, პასუხი არავის აქვს. უფრო მეტიც, დღემდე გაურკვეველია ვინ უნდა მართოს სასტუმრო.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ჯინჭარაძის თქმით, გუბერნია მისგან სასტუმროს ექსპლუატაციაში მიღებას ითხოვს:
_ მე ამ მოთხოვნაზე უარით ვუპასუხე. ბევრი რამ გასარკვევია და ასეთ სიტუაციაში შენობას ექსპლუატაციაში ვერ მივიღებ, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.
გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის თქმით, ბახმაროს ობიექტების მშენებლობისთვის თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო და სამხარეო ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩაირიცხა:
_ თანხა სამხარეო ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩაირიცხა და ყოველგვარი კანონის დაცვით გახორციელდა მშენებლობა. ამჟამად, სასტუმრო და დანარჩენი ობიექტები, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, _ გვითხრა გუბერნატორმა.
სასტუმროს რეაბილიტაცია 879 338 ლარი დაჯდა.
ჩვენს კითხვაზე, ვინ და სად წაიღო სასტუმროს ავეჯი, ჩიტაიშვილს პასუხი არ აქვს:
_ ვერ დავიჩემებ, მაგრამ არ მახსოვს, რომ ხარჯთაღრიცხვაში ავეჯი ყოფილიყო გათვალისწინებული და ვერაფერს გეტყვით.
_ პრეზიდენტის სტუმრობისას, სასტუმროში ავეჯი და სხვა ინვენტარიც იყო. ნათხოვარი გქონდათ?
_ არ ვიცი, იმ დროს მე იქ არ ვყოფილვარ, _ გვითხრა გუბერნატორმა.
აღსანიშნავია, რომ 19 აგვისტოს, პრეზიდენტის მიერ გახსნილ ამფითეატრში წყალი ჩავიდა. ეს კადრები “გურია ნიუსმა” იმავე დღეს აჩვენა საზოგადოებას. ხელისუფლებამ კი ამის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მცირე ხარვეზის გამო მოხდა, თუმცა, “ეს მცირე ხარვეზი” ამ ზამთარში გაიზარდა და ბახმაროს ამფითეატრს, რომლის მშენებლობა ბიუჯეტს თითქმის 200 000 ლარი დაუჯდა, სახურავი უკვე შესაკეთებელი აქვს.