შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიები და ის სოფლები მოინახულეს, სადაც ბოლო პერიოდში რუსი მესაზღვრეების მხრიდან მავთულხლართების ფიქსაციის პროცესმა სისტემატური ხასიათი მიიღო.
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი დიდი ხურვალეთის, დვანის, გუგუთიანთკარის და ქვემო ნიქოზის სოფლების მოსახლეობას შეხვდა, არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათგან მავთულხლართების ფიქსაციით გამოწვეული სირთულეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ოკუპირებული ახალგორის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს ოძისის საგუშაგოც მოინახულეს და რეგიონში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას აცნობა, რომ ყველა არსებულ პრობლემაზე სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების ფიქსაციის საკითხი და ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული სხვა პრობლემები სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ყოველთვიურ შეხვედრებზე აქტიურად განიხილება.