ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოდან საქმეების წამოღების იდეა თეა წულუკიანს ეკუთვნის. ის ფიქრობს, რომ ამით სტრასბურგის სასამართლოსაც განტვირთავს ე. წ. “ქართული საქმეებისგან” და ქვეყნის იმიჯსაც გადაარჩენს.
“ჩემი ინიციატივა, თამამად შემიძლია ვთქვა, ევროპის საბჭოს და სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში არის უპრეცედენტო, როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში ამბობს, რომ მას სურს საკუთარმა მოქალაქეებმა ქვეყნის შიგნით იპოვონ სამართალი და, რაც შეიძლება, მალე. სტრასბურგის სასამართლოში ასეთი მასშტაბური შეთავაზება მანამდე არავის გაუკეთებია. უნდა ითქვას, რომ სტრასბურგის სასამართლო ჩემი ინიციატივის მომდევნო რამდენიმე თვე გამოირჩეოდა გარკვეული ინერტულობით, ვინაიდან მათთვის ეს იყო სიახლე. მათ შევამჩნიე გარკვეული დაბნეულობა, თუმცა, ბოლო კვირებში მათი მხრიდან შეინიშნება უფრო მეტი სისტემურობა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი უფრო სწრაფი ტემპით წავა, რადგან მათ ჩემი ინიციატივის შესაბამისი გარკვეული შიდა კონსულტაციები აწარმოეს.”
იუსტიციის მინისტრის თქმით, დღეისთვის შეთანხმება მიღწეულია რამდენიმე ისეთ საქმეზე, სადაც სახელმწიფოს დავალიანება საკმაოდ სოლიდურია: “უკვე მოვარიგეთ რამდენიმე საქმე, აქცენტი გავაკეთეთ უკიდურესად ავადმყოფ პატიმრებზე, აგრეთვე, იმ საქმეებზე, რომლებიც წარმოადგენენ მრავალმილიონიან დავებს, მათ შორის, დასხივებულების, ავიატორების და სხვა. აქ ოფიციალური მორიგება გაფორმებული არ არის, თუმცა, მაისის ბოლომდე დავფარავთ იმ ადამიანების დავალიანებებს, რომლებიც შევარდნაძის დროიდან ელიან კომპენსაციებს,” _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა გორში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.