ის 1908 წლის 19 მარტს დაიბადა.
“გურია ნიუსი” ულია ბებოს შვილთაშვილს, თიკო ზარნაძეს გაესაუბრა.
_ თიკო, მოგვიყევი ბებოს შესახებ…
_ უკეთილშობილესი ადამიანია _ არავისთვის არასდროს არ უწყენინებია. მეუღლე რომ სამამულო ომში წაიყვანეს, დარჩა ბებო სამი მცირეწლოვანი შვილის ამარა. პატარა შვილმა სიარულიც კი არ იცოდა ჯერ, მაგრამ იულიამ ისე დაზარდა ბავშვები, რომ არაფერი დაუკლია მათთვის. ყველაზე პატარა, ჩემი ბაბუა, 39 წლის ასაკში გარდაეცვალა ავტოავარიაში, დედაჩემი ორი წლის დარჩა _ აზარდა ბებიამ და დედამ. დედაჩემის დედა დღემდე ბებიასთან ცხოვრობს, მაგრამ რძალ-დედამთილი კი არა, დედა-შვილი გეგონებათ _ თვალებში შესციცინებენ ერთმანეთს. მეორე ბიჭი 50 წლის ასაკში გარდაეცვალა. ცხოვრების მძიმე წლები აქვს გავლილი _ შიმშილსა და გაჭირვებაში სიმწრით დაზრდილი შვილები სიკვდილმა წაართვა, მაგრამ მაინც ვერ გატეხა ცხოვრებამ. ამდენმა ნერვიულობამ დაღი დაასვა მის ჯანმრთელობას _ ბებოს არ აქვს მხედველობა, აზროვნება კი 100 პროცენტიანი აქვს შენარჩუნებული. საკმაოდ კარგი მოსაუბრეა, ძალიან თბილი და მოსიყვარულეა.
_ შენ მასთან ცხოვრობ?
– არა, მასთან არ ვცხოვრობ, მაგრამ ძალიან ხშირად დავდივარ მის სანახავად. ზაფხულის დადგომას მოუთმენლად ველოდებით, რომ ყველა ერთად ჩავიდეთ ბებოსთან.
_ რამდენი თაობის ბებოა ქალბატონი იულია?
_ უკვე მეოთხე თაობას მოესწრო. ძალიან უყვარს სტუმრიანობა, უცხო ადამიანებთანაც ადვილად პოულობს საერთო ენას, ყველას ლოცავს და ყველა უყვარს.