სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვის სამინისტრო და სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტო აწესებენ კონტროლს ბზის მოჭრაზე და მოსახლეობას აცნობენ კანონით დადგენილ სანქციებს, რომელიც გავრცელდება სამართალდამრღვევებზე. სწორედ ამიტომ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება
ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელსაც მთელი მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს. ამ დღესასწაულის ერთ-ერთი სიმბოლოა ბზა, რომელიც აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდი რაოდენობით იჭრება და იყიდება.
კოლხური ბზა ენდემური სახეობაა, არის კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი და უძვირფასესი სამერქნე მცენარე. იზრდება ძალზე ნელა და ხასიათდება არეალის შემცირების ტენდენციით, რისი უმთავრესი მიზეზიც სწორედ უკონტროლო ჭრაა. სწორედ ამის გამო, კოლხური ბზა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.
გაცნობებთ, რომ კოლხური ბზის განადგურების რეალური საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტროსა და სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით მკაცრდება კონტროლი ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები. კერძოდ: სამართალდამრღვევს ჯარიმა ეკისრება ყოველი მოტეხილი ტოტისათვის, რომელიც შესაძლოა, შეადგენდეს მიზერულ თანხას; თუმცა, გარემოზე მიყენებული ზიანის სიმძიმის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა მერყეობს 200-დან 600 ლარამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს – აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ერთის მხრივ, ბზის მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით და მეორე მხრივ, დიდი რაოდენობით ტოტების შეძენისაგან.
ჩვენი საერთო ძალისხმევით მივაღწევთ იმას, რომ ნაკლები ზიანი მივაყენოთ ბუნებას.