თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, პროცესზე დამსწრე მოქალაქე დავით ლორთქიფანიძემ დაარღვია წესრიგი, კერძოდ, იგი არ დაემორჩილა მოსამართლის მითითებას და მიუხედავად გაფრთხილებისა, განაგრძო წესრიგის დარღვევა, რის გამოც დავით ლორთქიფანიძე დაჯარიმდა 100 ლარით და გაძევებულ იქნა პროცესიდან. აღნიშნულ პირს მანდატურებმა დაატოვებინეს სასამართლო დარბაზი. დარბაზიდან გამოსვლის პროცესში, მოქალაქე ხმამაღლა გამოთქვამდა უკმაყოფილებას მანდატურების მისამართით და აპელირებდა, რომ მას იცავდა იმუნიტეტი და გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი.
_ სასამართლო განმარტავს, რომ კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია და სასამართლო პროცესზე, მიუხედავად პირის თანამდებობრივი მდგომარეობისა, ვალდებულია დაემორჩილოს მოსამართლის მითითებებს და დაიცვას წესრიგი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით პირის გაძევება სასამართლო დარბაზიდან ან დაჯარიმება, არ გულისხმობს პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ან იძულების რომელიმე ღონისძიების გამოყენებას, რა დროსაც მას იცავს საპარლამენტო იმუნიტეტი; სასამართლოს შენობაში და სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვის ვალდებულება განსაზღვრულია საქართველოს სსსკ-ის შესაბამისი ნორმებით, _ აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.