რამდენიმე დღის წინ კი, ორი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. აღნიშნული საქმეები ჯერ გაუხსნელია. მოსახლეობა კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებას ახალი ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ფართომასშტაბიან ამნისტიას უკავშირებს. მათი განცხადებით, ღამით ქუჩაში გავლა საშიშიც გახდა.
ეკისრება თუ არა ახალ მთავრობას ვალდებულება ამნისტიასთან დაკავშირებით, ამაზე ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე “გურია ნიუსთან” საუბრობს.
_ პრეზიდენტმა შეიწყალა ათასობით ადამიანი, თან გაცილებით უფრო საშიში სეგმენტის დამნაშავეები, ვიდრე ახალი ხელისუფლების ამნისტიით იქნა გათავისუფლებული, ამან სერიოზული უარყოფითი გავლენა იქონია კრიმინოგენურ ვითარებაზე. მაგრამ მე იმაშიც გარწმუნებთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, სამწუხაროდ, უკან, ციხეში ბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ამნისტიის ერთ-ერთი თანაავტორი ვიყავი და ახლა მიჩნდება აზრი, რომ ამ კანონში, აუცილებლად უნდა შევიდეს ცვლილებები, იმ ხალხთან მიმართებაში, ვინც ამნისტიით ისარგებლა. მიმაჩნია, რომ თუ ასეთი ადამიანები მოხვდებიან ციხეში, მათ ძველი ნაპატიები უნდა დაემატოს ახალ სასჯელზე. ვცდილობ, რომ ამასთან დაკავშირებით, შემოვიკრიბო თანამოაზრეები. ხალხმა იგრძნოს პასუხისმგებლობა. მათ ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ და ეს უნდა დააფასონ.
_ ბატონო ზვიად, დაინტერესებულხართ თუ არა გურიის პოლიციის საკადრო პოლიტიკით?
_ რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, ძალოვან სტრუქტურაში ვიცნობ პირადად ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. იმდენად დიდი პატივისცემა და რწმენა მაქვს მისდამი, რომ არც მიცდია, მისთვის რაღაც რჩევა ან რეკომენდაცია მიმეცა, გურიის პოლიციაში საკადრო საკითხებთან დაკავშირებით. თუ სადმე დავინახე, რომ რომელიღაც რგოლი გურიაში სუსტად მუშაობს, ამის შესახებ ხმამაღლა ვიტყვი.
_ბატონო ზვიად, ფლობთ თუ არა ინფორმაციას, რომ ოზურგეთში, ბოლო დროს, კრიმინოგენური სიტუაცია გართულდა?
_ მე მიმაჩნია, რომ ბოლო დროს გაუარესებული კრიმინოგენური სიტუაცია ოზურგეთში, ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას და ამას ნუ დავაბრალებთ მაინცა და მაინც ამნისტიას. გაუხსნელი საქმეები, რაც შეიძლება მალე უნდა გაიხსნას. ამით უნდა შევაფასოთ უახლოეს მომავალში გურიაში სამართალდამცავების მუშაობა. ოზურგეთში ძალიან დიდი გულისყურით მივადევნებ თვალს კრიმინოგენურ სიტუაციას. მაქვს სიგნალი, რომ ზოგიერთი თანამშრომელი არაადეკვატურად იქცევა და მე ვალდებული ვარ, რომ ეს ამბავი შსს ხელმძღვანელობას მივაწოდო.
_ იქნებ, კონკრეტულ ფაქტზე გვითხრათ, რას ან ვის გულისხმობთ?
_ გეტყვით. მოქალაქეები იყვნენ ნარკოლოგიური ტესტის შემოწმებაზე მისული, რომელთა მიმართ, პოლიციის მხრიდან არაადეკვატური საქციელი იქნა ჩადენილი. ის, რის წინააღმდეგაც ვიბრძოდით ამდენი წელი, კვლავ მეორდება?
_ ანუ, რას გულისხმობთ ?
_ რას ვგულისხმობ და პოლიციის მხრიდან ცემის ფაქტებს ჰქონდა ადგილი! კონკრეტული პოლიციელის სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ. მე მაქვს ეს ინფორმაცია და თუ ასეთი ფაქტებს სასწრაფოდ არ აღმოვფხვრით, არაფრით შეიძლება. არიან თვითმხილველები და მოწმეები, რომლებიც ამას დაადასტურებენ. ეს არის ახალი ინფორმაცია. ეს ჯერ აქაურ ხელმძღვანელობას უნდა ვუთხრა და მსურს, მათგან მოხდეს რეაგირება.