ესენი არიან არქიტექტორები, რომლებიც ამ ზონის განვითარებაზე იზრუნებენ, მომდევნო თვეების განმავლობაში გარკვეული პროექტებიც გვექნება და ასევე გვეყოლება სპეციალისტების ჯგუფი, რომლებმაც ძველი პროექტი ახალს შეადარეს. ჩვენ სპეციალური დანადგარებისთვის ფული გადავრიცხეთ და მშენებლებიც ავიყვანეთ ბახმაროში. ვნახეთ რამდენიმე ადგილი, სადაც ეს დანადგარი უნდა დამონტაჟდეს, რომლის საშუალებით ბახმაროს თვისებებზე, თოვლის ხარისხზე, ქარის სიჩქარეზე დეტალური ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. ეს ის ჯგუფია, რომელიც მუშაობდა როგორც ბაკურიანზე, ასევე სვანეთზე. გამოცდილები არიან და შესაბამისად, მიმაჩნია კარგ პროექტს მივიღებთ, რომელიც საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას, ბახმარო არ იყოს მარტო სეზონური კურორტი და მან ოთხივე სეზონზე მთელი დატვირთვით იმუშაოს. უკვე გვაქვს იმის წინაპირობა, რომ სათხილამურო გზის სიგრძე ორი კილომეტრი იქნება. ეს სათხილამურო გზა ზუსტად იქ ჩამოდის, სადაც კომპლექსის აშენებას ვფიქრობთ. პირველ ეტაპზე გვინდა, რომ გავაკეთოთ სასტუმრო რამდენიმე ათეულ ნომერზე, რომლის მშენებლობასაც, სავარაუდოდ, მომავალი წლის აგვისტოში დავამთავრებთ. ასევე გაკეთდება მაღაზია, ტუალეტები, ღია ამფითეატრი, კინოთეატრი, აფთიაქი _ ერთი სიტყვით ყველაფერი ის, რაც პირველ ეტაპზე აუცილებელია და რომელიც ადამიანებს მეტი კომფორტის მიღების საშუალებას მისცემს. რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურას, გეტყვით, რომ საგზაო დეპარტამენტმა გარკვეული თანხები გზის მოწესრიგებისთვის უკვე ჩადო ბიუჯეტში. წყლის კომპანიამ მიიღო დავალება და სწავლობს ადგილებს, თუ სად შეიძლება დამატებითი წყლის მიღება ჭაბურღილების მეშვეობით. პირადად ვესაუბრე ენერგეტიკის მინისტრს და მივიღე წინაპირობა იმისა, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ბახმაროში პრობლემა არ იქნება. იწყება ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა გურულისთვის და ზოგადად იმ ადამიანისთვის, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა ბახმაროში. ეს არის პირადად პრეზიდენტის დავალება. მას კონტროლზე ჰყავს ეს საკითხი აყვანილი და ჩვენ პირადად მოვახსენებთ, თუ რას ვაკეთებთ გურიაში ამ მიმართულებით. ყველას ეგონა ეს არ გაკეთდებოდა, მაგრამ ჩვენთვის ბახმარო ძალიან მნიშვნელოვანია და პირველი ნაბიჯები გადადგმულია. ამას მოყვება სხვა ბევრი რამ _ იქნება სპორტული მოედნები, გასართობი დაწესებულებები. ერთი სიტყვით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა თავი, რაც შეიძლება კომფორტულად იგრძნონ. რაც შეეხება ტრასას, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, შემდგომი პერსპექტივაა და ამ სეგმენტსაც განვავითარებთ. სწორედ ამიტომ ვატარებთ ძვირადღირებულ კვლევებს. არ გვინდა ამ სეზონის დაკარგვა. ბახმაროში სამშენებლო სეზონი პატარაა და დასაკარგი დრო არ გვაქვს. სამშენებელო კომპანია უკვე აყვანილია, ტოპოგადაღება უკვე დასრულებულია და პირველადი დოკუმენტაცია, რომელიც კვლევების შეჯერების საშუალებას მოგვცემს, მზადაა, _ ეს განცხადება, “გურია ნიუსთან“, ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა ორი წლის წინ გააკეთა.
გასულ წელს, მშენებლობები დაიწყო და ორ თვეში დასრულდა კიდეც. განახლებული ბახმარო, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის 19 აგვისტოს ზარზეიმით გახსნა. ოღონდ ზეიმში მონაწილეობა, მხოლოდ გამონაკლისებს ხვდათ წილად.
ჯერ იყო და, “ნაციონალების” ატრიბუტიკიანი მაისურების დარიგებაში მთელი ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს პოლიციელების ჩათვლით, მერე კი “ქართული ოცნების” წევრები არ შეუშვეს ბახმაროში. სხვათაშორის, არა მარტო “ქართული ოცნების” წარმომადგენლები _ არ შეუშვეს რიგითი ადამიანები, რომლებმაც გაბედეს და “მეოცნებეებს” სალამი მისცეს.
იმ დროს, როცა ბახმაროს შესასვლელთან მობილიზებული სპეცრაზმი “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან “საქმეებს არჩევდა”, საქართველოს პრეზიდენტი კურორტზე ახალაშენებულ სასტუმროს, ამფითეატრს და ამბულატორიას ხსნიდა, ოღონდ ნახევრად დასრულებულს და, თავის დროზე, სხვის მიერ აშენებულს. სასტუმრო, რომლის “ფეშენით” საქართველოს პრეზიდენტი ტელეკამერების წინ თავს ამაყად იწონებდა, ჯერ კიდევ კომუნისტების ეპოქაში აიგო _ “ნაციონალურმა ხელისუფლებამ” ის მხოლოდ გაარემონტა და როგორც 19 აგვისტოს ბახმაროში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, კურორტის სავიზიტო ბარათად აქცია.
თუმცა, ეს რომ მხოლოდ და მხოლოდ კამერებისთვის დადგმული სპექტაკლი იყო, იმითაც დასტურდება, რომ სასტუმროში დღეს ავეჯის ნასახიც არ არის.
არადა, პრეზიდენტის სტუმრობისას, ლუქსის ტიპის ოთახში ბოლო მოდელის ავეჯთან ერთად, ახალი თეთრეულიც დაგვხვდა. ჩვენს კითხვაზე _ ვინ და სად წაიღო ავეჯი, პასუხი არავის აქვს. უფრო მეტიც, დღემდე გაურკვეველია ვინ უნდა მართოს სასტუმრო.
გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის თქმით, ბახმაროს ობიექტების მშენებლობისთვის თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო და სამხარეო ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩაირიცხა:
_ თანხა სამხარეო ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩაირიცხა და ყოველგვარი კანონის დაცვით გახორციელდა მშენებლობა. ამჟამად, სასტუმრო და დანარჩენი ობიექტები, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, _ გვითხრა გუბერნატორმა.
სასტუმროს რეაბილიტაცია 879 338 ლარი დაჯდა. ჩვენს კითხვაზე, ვინ და სად წაიღო სასტუმროს ავეჯი, ჩიტაიშვილს პასუხი არ აქვს.
ამფითეატრი, რომელიც ბიუჯეტს თითქმის 200 000 ლარი დაუჯდა დღეს სავალალო მდგომარეობაშია. გურიის ახალგაზრდულის გაზეთის, “21-ს ქვევითს“ პროექტის, მედიაკომპასის მონაწილის, მაგდა მამალაძის მიერ დღეს გადაღებული ფოტოები ნათელი დასტურია იმისა, თუ როგორ აკეთებდა ხალხის ხარჯზე პიარს წინა ხელისუფლება.
ეს რეპორტაჟი, ასევე მოწმობს იმას, რომ ახალი ხელისუფლება არ ინტერესდება იმ საქმეებით, რომელთა გამოძიებას მოსახლეობა ითხოვს. არადა, კოჰაბიტაციას გადაყოლილ “მეოცნებეებს“ საზოგადოება საარჩევნო დაპირებებს ახსენებს _ მათ შორის იმას, რომ უნდა გაირკვეს სად და როგორ იხარჯებოდა ხალხის ფული.
ამას იმ ფაქტსაც თუ დავუმატებთ, რომ ამ დრომდე ჰაერშია გამოკიდებული იმ ასობით მოქალაქის საქმე, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს ბახმაროში მიწები ზეწოლის შედეგად ჩააბარებინეს, ფაქტია, რომ ჯერჯერობით, ოცნება ოცნებად რჩება.