“მოვედით, რომ პრეზიდენტის სახელით სამძიმარი გამოგვეთქვა ოჯახებისთვის.” განაცხადა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა.
“ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ პირადად გამოგვეხატა სამძიმარი დაღუპულების ოჯახებისთვის. ბუნებრივია მოვედით, რომ პირველ რიგში, პრეზიდენტის სახელით სამძიმარი გამოგვეთქვა ოჯახებისთვის. იცით, რომ პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება. ჩემი მხრიდან არ საჭიროებს ახსნას, რამდენად მძიმე დღეა. თქვენ იცით, რომ პრეზიდენტმა გლოვის დღე იმისთვის გამოაცხადა, რომ გმირების სახელების უკვდავყოფა მოხდეს. ბუნებრივია იგივე იყო მთავრობის პოზიცია. აქ ბევრი სალაპარაკო არ არის. გარდა იმისა, რომ ბიჭები ღირსეულად ქვეყნისთვის დაიღუპნენ, იმ საერთაშორისო ოპერაციაში, რომელშიც საქართველო მრავალი წელია ძალიან ღირსეულად მონაწილეობს.
ჩვენი ვალია, მათ წინაშე ქედი მოვიხაროთ და მათი სახელები დიდხანს გვახსოვდეს. უნდა მივაქციოთ ყურადღება ოჯახებს. ამ ბიჭებს სათანადო დაფასება სჭირდებათ. ცხადია პრეზიდენტი ამას დააფასებს. მაგრამ, უნდა დააფასოს საზოგადოებამაც და ასეც იქნება. მე ამაში დარწმუნებული ვარ.” – განაცხადა ბარნოვმა.