საკრებულოს სხდომას, რომელსაც ადამია არ დასწრებია, საკრებულოს 25 დეპუტატიდან 22 ესწრებოდა და ყველამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, გამგებლის განცხადების დაკმაყოფილებაზე. ჯერ-ჯერობით უცნობია, ადამიას რომელი მოადგილე შეასრულებს დროებით გამგებლის მოვალეობას. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ ხაბურზანიამ განაცხადა, ეს მისი კომპეტენციაა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
“სენაკის გამგებელს ჰყავს ორი მოადგილე _ ზურაბ ტყებუჩავა და ვეფხვია ვეფხვაძე. ამათგან რომელიმეს დავავალებ გამგებლის მოვალეობის შესრულებას. ეს არის ჩემი კომპეტენცია, თუმცა, ჯერ-ჯერობით არ ვიცი რომელს, ამას გადავწყვეტ,” – განაცხადა ზურაბ ხაბურზანიამ.
სხდომას ესწრებოდნენ საზოგადოება “სენაკელების” წარმომადგენლებიც, რომლებმაც განაცხადეს, რომ გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად მხარს უჭერენ გოჩა ბოკუჩავას და უკვე 15 ათასი ხელმოწერა აქვთ შეგროვებული.
არასამთავრობოებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ არ დაუშვებენ მაჟორიტარის, გურამ მისაბიშვილის გეგმის გახორციელებას და გამგებლად გოჩა დგებუაძის დანიშვნას. მათ საკრებულოს თავმჯდომარისგან მოითხოვეს, ყველაფერი კანონის შესაბამისად ჩატარდეს _ შეიტანოს ყველა კანდიდატმა განაცხადი მუდმივმოქმედ საატესტაციო კომისიაში, შეხვდნენ მოსახლეობას და წარმოადგინონ სენაკის განვითარების გეგმა.
ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად თენგიზ ადამიასთან დაკავშირება ამ დრომდე არ ხერხდება.
მკითხველს შევახსენებთ, რომ 19 მარტს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, როცა მაშინდელმა საკრებულოს თავმჯდომარემ, მურად შამათავამ გამგებლის თანამდებობიდან თენგიზ ადამიას გადაყენების საკითხი დააყენა, საკრებულომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.