ღირებულებითი განათლების კლუბები, ახალი ეროვნული გეგმა _ რა სიახლეებითა და გამოწვევებით ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 42 საჯარო და 2 მართლმადიდებლური სკოლაა. მუნიციპალიტეტის სკოლებში, საერთო ჯამში, 7 932 მოსწავლე სწავლობს. წელს სკოლაში პირველად 457 პირველკლასელი შევა.
ახალი სასწავლო წელი ხვალ, 15 სექტემბერს იწყება.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ლალი სიჭინავა „გურია ნიუსთან“ იმ სიახლეებსა და გამოწვევებზე საუბრობს, რომლითაც მუნიციპალიტეტის სკოლები 2026-2027 სასწავლო წელს ხვდებიან.
_ ქალბატონო ლალი, რა სიახლეებით ხვდება ახალ სასწავლო წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები?
_ პირველ რიგში, ახალი, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ყველას, ვინც საგანმანათლებლო პროცესშია ჩართული _ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. საინტერესო და წარმატებებით სავსე სასწავლო წელს ვუსურვებ.
2026-2027 სასწავლო წელს მრავალი სიახლით ვხვდებით. გვაქვს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა. განახლებული საგნობრივი სტანდარტების საფუძველზე სკოლებში რიგი ახალი და გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები დაინერგა.
კერძო და საჯარო სკოლებში ერთსა და იმავე საფეხურზე ერთი და იგივე სახელმძღვანელო იქნება.
განხორციელდა მოსწავლეთა ფორმირება. ამ ეტაპზე ფორმირება პირველკლასელებისთვის მოხდა, ოქტომბრიდან კი პროცესს II-VI კლასის მოსწავლეებიც შეუერთდებიან.
ასევე, ერთიანი წესით განისაზღვრა სკოლებში მობილური ტელეფონების, სმარტფონებისა და „ჭკვიანი“ საათების სპეციალურ სათავსებში განთავსება.
_ იმ სოფლებში, სადაც წლებია სკოლების მშენებლობა ან რეაბილიტაცია უნდა დაწყებულიყო, როდის დასრულდება სამუშაოები? როდის დაუბრუნდებიან ბავშვები მშობლიურ სკოლებს? საუბარია ნაგომრის, ქვემო და ზემო ნატანების, ნარუჯის, ანასეულის, მზიანისა და სხვა სოფლების სკოლებზე.
_ ქვემო ნატანებისა და ნარუჯის საჯარო სკოლებში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები წელს დასრულდება და სასწავლო პროცესიც განახლდება.
_ რა არის მიზეზი, რის გამოც ზოგ შემთხვევაში მშენებლობა არ დაწყებულა ან სამუშაოები შუა გზაზე შეჩერდა?
_ რიგ შემთხვევებში ამის მიზეზი ტენდერში გამარჯვებული კომპანიების არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება და უპასუხისმგებლობაა.
_ წელს რამდენმა მოსწავლემ ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში?
_ უმაღლეს სასწავლებლებში 355 მოსწავლე აბარებდა. ჩვენი ინფორმაციით, მათგან სტუდენტი 321 გახდა.
_ რამდენი ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული გყავდათ?
_ 2026 წელს გვყავდა 552 კურსდამთავრებული, მათგან 96 ოქროს მედალოსანი იყო. თითოეულ მათგანს მუნიციპალიტეტისგან 500 ლარი გადაეცა.
ასევე სასიამოვნო ფაქტია, რომ შვიდმა კურსდამთავრებულმა ყველა საგამოცდო საგანში 90%-იანი ზღვარი გადალახა. ისინი მუნიციპალიტეტისგან 3 000 ლარით დაჯილდოვდნენ, ხოლო მათ სკოლებს 1 500 ლარი გადაეცა.
_ საინტერესოა მასწავლებლების გამოცდების შედეგებიც _ რამდენი მასწავლებელი გავიდა წელს გამოცდაზე და რამდენმა გადალახა კომპეტენციის ზღვარი?
_ წელს მასწავლებლების გამოცდებზე დარეგისტრირებული იყვნენ როგორც მოქმედი მასწავლებლები, ისე მასწავლებლობის მსურველები სხვადასხვა საგანში.
ჩვენი ინფორმაციით, მოქმედი მასწავლებლების 85%-მა კომპეტენციის ზღვარი გადალახა. აქ საუბარია იმ მოქმედ მასწავლებლებზე, რომლებსაც ერთ საგანში კომპეტენცია უკვე დადასტურებული აქვთ და თავი საგნობრივ ჯგუფში შემავალ სხვა საგანში მოსინჯეს.
_ წელს მოხდება თუ არა სკოლებში სასულიერო პირების შესვლა და ღირებულებითი განათლების კლუბების ამოქმედება?
_ არსებული ინფორმაციით, ეს პროცესი ოქტომბრიდან დაიწყება.
ავტორი
































































