_ ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას ანგარიში, რომელიც მან დღევანდელ საპარლამენტო სესიაზე წარადგინა.
კობახიძის განცხადებით, ეს საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა საკანონმდებლო ორგანო სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს არადამაკმაყოფილებლად აფასებს. კობახიძე მიიჩნევს, რომ არაა გამორიცხული, იმ ადამიანების საქმეებით, რომლებიც აუდიტის სამსახურში საკუთარ თანამდებობებს ბოროტად იყენებდნენ და ბევრი გადაცდომა აქვთ, პროკურატურა დაინტერესდეს.
“უმრავლესობა არის ერთ პოზიციაზე _ ეს ანგარიში არადამაკმაყოფილებელია. ჩვენ შევაფასეთ აუდიტის სამსახურის ანგარიში არადამაკმაყოფილებლად. ანუ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლება აუდიტის სამსახურის ანგარიშს არადამაკმაყოფილებლად აფასებს. ეს არის ის ობიექტური რეალობა, რაც არის და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ამ სამსახურთან დაკავშირებით. მთელ რიგ შემთხვევებში საბიუჯეტო შემოწმებები კომპანიებში არ ტარდებოდა ან ტარდებოდა შერჩევით, პროკურატურაში დასკვნები წინასწარი რეკომენდაციების მიხედვით იგზავნებოდა, ანუ რა დასკვნაც სურდათ, გადააგზავნიდნენ. ზოგს თაროზე შემოდებდნენ. იმიტომ იხარჯებოდა არამიზნობრივად მილიონობით ლარი, რომ არ იყო შესაბამისი კონტროლი. ჩვენ ვიმსჯელეთ ამის შესახებ და მივიღეთ დადგენილება. მე ვფიქრობ, რომ პროცესი უნდა გაგრძელდეს და არაა გამორიცხული, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, რომლებიც თავის ფუნქციებს და უფლებამოვალეობებს არ ასრულებდნენ. აქ ცალსახად იყო ნათქვამი, რომ აუდიტის სამსახური, სამწუხაროდ, მთელი შარშანდელი პერიოდი გადასული იყო პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, სამწუხაროდ, ერთი პოლიტიკური ძალის მიმართ _ ეს იყო “ქართული ოცნება”, რომელთა წევრებზე პირდაპირ დევნა იყო გამოცხადებული, უამრავი ადამიანი უსამართლოდ იყო დაპატიმრებული, დაჯარიმებული და ეს ყველაფერი დღეს მოვიკითხეთ,” _ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.