პროექტის სახელწოდებაა “განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალურად დაუცველი, ქცევითი პრობლემების მქონე და სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისთვის საქართველოში”. პროექტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პროგრამა მანდატურის სამსახურის ბაზაზე შექმნილ ფსიქოლოგიურ ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება.
პროგრამა მიზნად ისახავს განათლების ეროვნული მოდელის შექმნას საქართველოში განათლების საჯარო სექტორისთვის. ამ მიზნით იგეგმება:
_ სოციალურად დაუცველი, ქცევითი პრობლემების მქონე და სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების შესახებ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლა;
_ სამიზნე ჯგუფების ბავშვების იდენტიფიცირება საგანმანათლებლო საჭიროებების მიხედვით;
_ საგანმანათლებლო რესურსების ნუსხის შედგენა თითოეული სამიზნე ჯგუფისთვის;
_ ეროვნული მოდელის სადისკუსიო დოკუმენტის შექმნა.
პროგრამის ორგანიზატორების თქმით, პროგრამა საფუძველს შეუქმნის სოციალურად დაუცველი, ქცევითი პრობლემების მქონე და სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვების ფორმალურ განათლებაში ჩართვის სისტემურ მიდგომას და ჩამოაყალიბებს სოციალურ და საგანმანათლებლო პოლიტიკას საზოგადოებაში მათი ეფექტიანი ინტეგრაციისთვის.
ახალ პროგრამას უკვე გაეცნენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.