დღეისათვის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ნახშირღელე-გეგუთის 17-კილომეტრიან და გეგუთი-სამტრედიის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე. მშენებარე ავტომაგისტრალის ამ მონაკვეთზე, ასევე, დაგეგმილია 4 გზაგამტარისა და 4 ხიდის, მათ შორის, ერთი 800-მეტრიანი ხიდის მშენებლობა. ამ დროისათვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ზესტაფონი-სამტრედიის გზის მონაკვეთზე, რომლის დასრულებაც 2013 წლის დეკემბრის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ხოლო მეორე – ქუთაისი-სამტრედიის გზის მშენებლობა 2014 წელს დასრულდება.
ზესტაფონი-სამტრედიის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტის ჯამური ღირებულება 360 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც მიმდინარე წელს 93 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.
სამუშაოებს კომპანია ‘’ტოდინი ტაკენაკა’’ კომპანიებთან – ‘’აკორდთან’’ და ‘’ბორანი მაინინგთან’’ ერთად ახორციელებს. როგორც კონტრაქტორი კომპანიები აცხადებენ, მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და ამ მხრივ შეფერხება არ აქვთ.
ამ დროისთვის დაგეგმილი სამუშაოების 60%-ზე მეტი უკვე განხორციელებულია. პერსონალი 24-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობს, რათა პროექტი დაგეგმილ ვადებში დასრულდეს.