დარჩიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ქართული მხარე რუსეთის ინტერესის ამ ნაწილს არ დათანხმდება.
მოლაპარაკებები ჟენევის სამიტზე მონაწილეობასა და განსახილველ თემებზე კომიტეტში მიმდინარეობს. სხდომის წევრები დეტალებს დახურულად აცხადებენ.
“ფორმატი დახურული იყო, ბუნებრივია. არც მე მინდა ყველა იმ დიპლომატიურ ნიუანსზე ლაპარაკი, რაც ახლა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დახურულ რეჟიმში წარმოადგინეს. ზოგად შთაბეჭდილებას გეტყვით _ როცა გამოდის პრემიერ-მინისტრი და ამბობს, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს რუსეთისკენ და ისინი კიდევ მავთულხლართებს აბამენო, მე დამრჩა შთაბეჭდილება რომ გაავლებენ და კიდევ უფრო მეტსაც იზამენ. ყველა ის ფორმატი, რომელშიც საერთაშორისო თანამეგობრობა მონაწილეობს, მათ შორის, ჟენევის ფორმატიც, ეცდებიან, რომ რამენაირად მოკლან, ქართული მხარე აიძულონ, რუსულ კალაპოტში ჩაეტიოს და საერთაშორისო დახმარებაზე აქცენტირება აღარ ჰქონდეს. იმედი მაქვს, რომ ის ნაწილი აღმასრულებელი ხელისუფლებისა, რომელსაც ბატონი ზალკანიანი წარმოადგენს, ამაზე არ დათანხმდება,” _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა.