მისი განცხადებით, კომიტეტმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ამ თემის განხილვას. სამინისტროს მიერ მიწოდებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ აყენებს აქციის ერთ-ერთი წევრი შეურაცხყოფას პოლიციას. ბესელია აღნიშნავს, რომ ამ საკითხს სასამართლო მისცემს ახალ მსვლელობას.
“რამდენიმე საათია ვიხილავთ ამ კონკრეტულ შემთხვევას _ სამი ახალგაზრდის ადამინისტრაციული დაჯარიმების ფაქტს. ამის მიუხედავად, სრულიად უხარისხო, არაფრის მთქმელი, დამონტაჟებული მასალა იყო წარმოდგენილი და კადრები, რომელშიც არაფერი არ ჩანდა. მეორეს მხრივ, სამინისტროს კადრები იყო, სადაც ძალიან კარგად ჩანდა უხეში მიმართვა და ბილწსიტყვაობა ახალგაზრდა ბიჭის მიერ პოლიციისადმი. სასამართლო შემდგომ ეტაპზე მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ იმაზე დიდი დრო დავუთმეთ ამ ფაქტს, რაც შეიძლებოდა დაგვეთმო,” _ განაცხადა ეკა ბესელიამ.
დღეს პარლამენტში “ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში” 7 ივლისს “დინამო არენასთან” მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალის ჩვენება მოეწყო, რომლის ინციატორი საპარლამენტო უმცირესობა იყო. 7 ივლისს პოლიციამ “დინამო არენასთან” არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” წევრები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააპატიმრა. ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტს აპროტესტებდნენ.