რა ფასი ექნება პარლამენტის დასკვნას, თუ ამ ადამიანებს ისევ შერჩებათ ეს ყველაფერი? შეგიძლიათ, ამაზე გაგვცეთ პასუხი?”_ ამ შინაარსის წერილი მივიღეთ ადამიანისგან, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, თავად იყო კონტროლის პალატის “მსხვერპლი”.
რა ბედი ელის საპარლამენტო კომისიის მიერ დადებულ დასკვნას და მოყვება თუ არა სამართლებრივი რეაგირება, ამის გარკვევა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან, დავით ონოფრიშვილთან ვცადეთ.
_ ბატონო დავით, დასკვნაში, რომელიც საპარლამენტო კომისიამ წარმოადგინა, საკმაოდ სერიოზულ დარღვევებზეა საუბარი. თუმცა, კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა და ამჟამინდელმა ლაშა თორდიამ, თავიანთ გამოსვლებში ყველაფერი ის წარმოაჩინეს, თითქოს არანაირი სერიოზული პრობლემა არ იყო და ყველაფერი კანონმდებლობით იყო გამყარებული.
დაინტერესდება თუ არა თქვენს მიერ წარმოდგენილი მასალებით სამართალდამცავი ორგანოები. დასკვნაში რამდენჯერმე გაქვთ ხაზგასმული, რომ ფაქტები მოითხოვს სამართლებრივ რეაგირებას.
_ პარლამენტის დროებითმა კომისიამ წარმოადგინა თავისი ანგარიში სახელმწიფო სამსახურის აუდიტის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი, ორგანიზაციული საქმიანობის შემოწმების შესახებ, სადაც ისეთი ფაქტებია მოტანილი, რომელიც ნამდვილად შემაშფოთებელია.
სამსახური, რომელიც სამაგალითო უნდა იყოს ქვეყანაში თავისი გამჭირვალობით, კანონის და დაკისრებული ვალდებულების ზედმიწევნით აღსრულებით და პროფესიონალიზმით, ფაქტობრივად, მთელი წლის განმავლობაში გადასული იყო ოპოზიციის პოლიტიკურ დევნაზე. საქმისთვის, როგორ ჩანს, ნაკლებად ეცალათ, რადგანაც მთელი ამ პერიოდში უბრალოდ 57 დასკვნა არის გაკეთებული მხოლოდ და მხოლოდ, როცა წინა წლებში, მაგალითად 2011 წელს, 100-ზე მეტი იყო, უფრო ადრე _ კიდევ უფრო მეტი.
წლებია არ შემოწმებულა ისეთი მნიშვნელოვანი ხარჯვითი ერთეულები, როგორიცაა თავდაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, უშიშროების საბჭო, რამდენიმე წელია არ შემოწმებულა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, უზენაესი სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო…
ეს არის ის პოლიტიკა, რაც ტარდებოდა ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობით. ქართველ ხალხს, საზოგადოებას არ უნდა ცოდნოდა, რაში და როგორ იხარჯება ის ფული, რომელიც ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული.
პრიორიტეტებიც არასწორად ჰქონდათ გადანაწილებული და ხალხზე ნაკლებად ფიქრობდნენ. რაც კი იყო გათვალისწინებული, იმის შესაბამისი აუდიტი და აღრიცხვიანობაც არ ხდებოდა ამ ხარჯვითი ნაწილით. ეს თავისთავად იყო ის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც ზოგადად სუფევდა ქვეყანაში.
თავად, 50 და 100 ლარის გამო ხშირად არასრულწლოვანებსაც იჭერდნენ და ციხეში წლობით სვამდნენ, ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი შემოიღეს და დღეს უკვირთ, როცა აკავებენ ადამიანებს, რომლებსაც ასობით-ათასობით ლარი აქვთ არამიზნობრივად დახარჯული და ამას პოლიტიკურ დევნად აფასებენ. ეს სწორედ იმ განუკითხაობის შედეგია და ბევრი ადამიანი ჩაითრიეს.
დღეს, ახალ ხელისუფლებას უკვე სხვა გზა არ აქვს, როცა ხედავს, რომ სერიოზული დანაშაულია ამაზე რეაგირება არ მისცეს. თუ ამის ჩამდენი “ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე წევრი აღმოჩნდება, გასაკვირი სულაც არ არის, რადგან მათ ჰქონდათ ყველაფრის უფლება.
რაც შეეხება დასკვნას, უმრავლესობამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ შედეგებით რაც გვიჩვენეს, რომელიც დროებითმა კომისიამ წარმოადგინა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საქმიანობა არდამაკმაყოფილებლად შეფასდეს. ასევე დადგენილებაში ჩადებულია რეკომენდაციები, რომელსაც პარლამენტი თვლის საჭიროდ, აუდიტის სამსახურმა უახლოეს პერიოდში, გამოასწოროს ეს მდგომარეობა. რაზეც სამართლებრივი რეაგირება იქნება საჭირო, იმას მოყვეს შესაბამისი ქმედებები.