ვლაქერნობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ზუგდიდში უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს.
დილით ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი სახალხო მსვლელობით ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში გადააბრძანა. საზეიმო წირვა მეუფე გერასიმემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში ინახება და ერთ-ერთი უძვირფასესი ქრისტიანული რელიქვიაა. კვართი ტაძარში დღის ბოლომდე დარჩება და ნებისმიერ მომლოცველს შეეძლება სიწმინდის მოლოცვა. კვართთან შეხების მსურველები კი დღეს ზუგდიდში მრავლად არიან ჩასულები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. მსვლელობაში უცხოელებიც იღებდნენ მონაწილეობას.
მეუფე გერასიმემ აღნიშნა, რომ “დღეს არის მართლმადიდებლი სამყაროს უდიდესი დღესასწაული, განსაკუთრებით, ჩვენთვის, რადგან ეს სიწმინდე საქართველოშია.”