ხელმოწერების შეგროვება ზუგდიდიდან დაიწყო და რეგიონის ყველა ქალაქი მოიცვა. სამეგრელოს პარალელურად ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს თბილისშიც.
წერილობითი ხელმოწერების შეგროვება გუნავას ოჯახის წევრებმა დაიწყეს. პირველი ხელმოწერები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლაშა დამენიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან კონჯარიამ, თენგიზ გუნავას მეუღლემ და დედამ გააკეთეს.
ჩვენ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს, ანი წითლიძეს დავუკავშირდით.
ანი წითლიძე: “პეტიცია პოლიტპატიმარ გუნავას უპირობო გათავისუფლების შესახებ გადაეცემა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, შუამდგომლობისთვის. ხელმოწერებმა უკვე მოიარა მთელი სამეგრელო და ის 3 დღის განმავლობაში შეგროვდება. გარდა ამისა, ცნობილი ადამიანების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ახალგაზრდების მონაწილეობით უახლოეს მომავალში გავრცელდება თენგიზ გუნავას მხარდასაჭერი ვიდეო რგოლები ქართულ და ინგლისური ენებზე. ეს იქნება წითელი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისათვის, რომ საქართველოს პირველი პოლიტიკური პატიმარი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი თენგიზ გუნავა ჰყავს”.
“ელექტრონულად უკვე 10 ათასზე მეტი ხელმოწერაა შეგროვებული. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, რათა დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული თენგიზ გუნავა, რომელიც პოლიტიკური პატიმარია. თენგიზ გუნავას მხარდასაჭერ პეტიციაზე ხელმოწერის შესაძლებელია ზუგდიდში, “ნაციონალური პარტიის” ოფისში, გამსახურდიას 38. მსურველებმა თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა,” _ აცხადებენ აქციის მონაწილეები და ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ.