“ჩვენ, კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებს, 25 წლიანი ლოდინის შემდეგ, თქვენი მოსვლით ხელისუფლებაში (რაშიც ჩვენი მოკრძალებული წვლილიც არის) დიდი იმედი ჩაგვესახა, რომ ახლა მაინც მივაღწევდით მიზანს _ სახელმწიფოსგან აღიარებული ვალის მიღებას. ეს იმედი გაგვიმყარა 2012 წლის 17 მაისის შეხვედრამ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, სადაც მან ბრძანა: „როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, ამ საკითხს უახლოეს მომავალში გადავწყვეტთ. ამ პრობლემის მოგვარება ჩვენი პირველი რიგის ამოცანა იქნება“. მოვლენების მიმდინარეობა გვარწმუნებს, რომ მიზანმიმართულად ხდება კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრთა 8000-მდე ოჯახის მწვავე პრობლემის იგნორირება, ირღვევა ადამიანის ყველაზე მთავარი უფლება საკუთარი „საცხოვრისის“ შესახებ. ასევე ხდება, მათი, საკმაოდ სოლიდური რაოდენობის, დღევანდელი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილოთა რიგებში ჩართვა. გთხოვთ სამართლიანობის აღდგენას” – აღნიშნული იყო წერილში, სადაც ის შეკითხვებიც იყო დასმული, რომელსაც დაზარალებულები დიდი ხანია ფინანსთა სამინისტროს მისამართით სვამენ.
როგორც გავარკვიეთ, დავით უსუფაშვილმა წერილი განსახილველად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით ონოფრიშვილს გადასცა. ონოფრიშვილი “ერთობის” წარმომადგენლებს პარლამენტში 24 ივლისს შეხვდება.
როგორც „ერთობის“ მიმართულების კოორდინატორი ლაშა გეგეჭკორი აღნიშნავს, ეს უდაოდ მისასალმებელი ფაქტია პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან:
_ მადლობას ვუხდით მას ჩვენი პრობლემის გაზიარებისათვის. ჩვენ არ ჩავდივართ პარლამენტში ცარიელი ხელებით _ მიგვაქვს კონკრეტული პროგრამა, და ვითხოვთ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისაგან მისი განხილვის დაწყებას.
ვინაიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაზარალებულთა რაოდენობა 8000-აღწევს, და აქედან ნახევარი დედაქალზე მოდის, ჩვენთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრას დაესწრება ქალაქ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება თბილისელების“ თავმჯდომარე ქალბატონი გულიკო ზუმბაძე. ჩვენ მასთან მრავალჯერ გვქონდა საუბარი ამ თემაზე და ვიცით მისი მოსაზრებაც. ქალბატონი გულიკო კატეგორიულად ითხოვს კოოპერატიული ბინათმშენებლობის პრობლემის გადაწყვეტას, მითუმეტეს, როდესაც დედაქალაქის რამდენიმე უბანში დგას დაუმთავრებელი კოოპერატიული საცხოვრებელი კორპუსი, ნაწილობრივ დაუსრულებელი, შესახლებული და თანმდევი უამრავი პრობლემებით.
იმედი გვაქვს შედგება კონსტრუქციული შეხვედრა, რომ ეს არ იქნება „შეხვედრა შეხვედრისათვის“ ფორმატში. დაზარალებულებს კი მინდა ვაუწყო, რომ 24-ში გადის ის 2 კვირიანი ვადა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ ითხოვა 10 ივლისის აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრისას. ჩვენ, საქართველოს პარლამენტიდან აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს ფინანსთა სამინისტროს რამდენიმე კონკრეტულ კითხვაზე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გეგეჭკორმა.