ივანიშვილი დუმბაძის სახლ-მუზეუმს მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან და “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად ესტუმრა. მარგველაშვილს თან მეუღლე, მაკა ჩიჩუა ახლდა.
მუზეუმში მისულ პრემიერს მინისტრთა კაბინეტის ნაწილი _ დავით ნარმანია, ნოდარ ხადური, სოზარ სუბარი, გურამ ოდიშარია იქ დახვდა. მუზეუმში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
პირველი, რაზეც პრემიერმა აქცენტი გააკეთა, მუზეუმამდე მისასვლელი ავარიული გზა იყო:
_ რატომ არ მითხარით, თუ ასეთი ცუდი გზა იყო? ეს სირცხვილია! _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა და იქვე მდგარ დავით ნარმანიას და ნოდარ ხადურს გზის სარემონტო სამუშაობის სასწრაფოდ დაწყებისკენ მოუწოდა.
_ თუ თქვენ არ გაქვთ ფული, მე მოგცემთ, _ აღნიშნა პრემიერმა.
“გურია ნიუსის” კომენტარზე, რომ ამის შესახებ ჩვენი გამოცემა ბევრჯერ წერდა, პრემიერმა მინისტრებს მიუთითა, რომ მედიაში გამოქვეყნებულ მასალებს უფრო ყურადღებით გაეცნონ.
ბიძინა ივანიშვილს ხიდისთავში, იმ ეზოსთან ახლოს, სადაც ნოდარ დუმბაძე იზრდებოდა, ჩოხატაურის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული თეატრალური წარმოდგენა დაახვედრეს და კოპეთი ჭურის ღვინოც დააგემოვნებინეს: _ გიორგი სად არის? გიორგისაც დაალევინეთ, _ მარგველაშვილი მოიკითხა პრემიერმა.
მოგვიანებით კი, მოზრდილი კოპე სოზარ სუბარს გადასცა:
_ სვანია და მას უფრო დიდი სასმისით დავალევინოთ, _ აღნიშნა პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ ხიდისთავში მყოფ პრემიერს ადგილობრივი ხელისუფლება გაბადრული სახეებით დახვდა _ როგორც “ნაციონალები”, ასევე “მეოცნებეები”. მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე, რომელმაც საზოგადოებას კოჰაბიტაციის შესანიშნავი მაგალითი უჩვენა _ ხუნდაძე ფოტოობიექტივის წინ, მინისტრებთან ერთად ისე პოზირებდა, რომ არა ჩვენს მეხსიერებას და არქივს შემორჩენილი ფაქტები მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ, აუცილებლად იფიქრებდით, სულ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლაზე ოცნებობდა.
ანალოგიურად ფაციფუცობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც “ოცნების ნავში” ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გადასხდნენ. ივანიშვილის წასვლის შემდეგ კი, ფეისბუქში ვიზიტის ამსახველი ფოტოების და ვიდეოების გაზიარებში ეცილებოდნენ ერთმანეთს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, რესტორან “მარულაში” მყოფ პრემიერს ის ადამიანები ეხვივნენ გარს, რომლებიც ცოტა ხნის წინ, სააკაშვილს და მის გარემოცვას ასეთივე მონდომებით დასდევდნენ უკან, ჟურნალისტებს კი ყველა ხერხით უშლიდნენ ხელს მუშაობაში.