დასახლებას ორ წელზე მეტია არ მიეწოდება სასმელი წყალი; წვიმიან ამინდში ოთახებში ისე წვიმს, როგორც გარეთ; ჭერზე ცელოფანი აქვთ აკრული; შუა ადგილას თოკზე პლასტმასის ბოთლია ჩამოკიდებული _ მას ნახვრეტი აქვს გაკეთებული და იქედან წყალი დიდ ქვაბში გროვდება, რომელსაც ჭურჭლის გასარეცხად ხმარობენ. ლტოლვილები სახლის გადახურვას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან ითხოვენ.
“გურია ნიუსი” აღნიშნულ პრობლემაზე, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ეკა გულუას დაუკავშირდა. რომელმაც განაცხადა: “თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დღეს, სამინისტროს წარმომადგენლები სამგორის რაიონის, ნორიოს დასახლების წინუბანში არსებულ პრობლემებს ადგილზე შეისწავლიან. ამის შემდეგ, გავაკეთებთ კომენტარს”
როგორც გაირკვა, სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილზე შეისწავლეს ნორიოს დასახლების წინუბანში არსებულ პრობლემები. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა წერილობითი პასუხი გამოგვიგზავნა:
“სამინისტროს წარმომადგენლები აღნიშნულ მისამართზე იმყოფებოდნენ. მშვიდობის ქუჩა № 8-ში, რომელიც არის საყოფაცხოვრებო შენობა, სულ ცხოვრობს 30 ოჯახი. აქედან დევნილი არის მხოლოდ 7 ოჯახი. დანარჩენები სოციალურად დაუცველები არიან. 7 დან 3 ოჯახს აქვს სურვილი ფართის დაკანონების, 4 ოჯახი წინააღმდეგია.
შენობა გადასახურია. იცით, რომ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და მერია მსგავსი სამუშაოების 70%-ს აფინანსებს, 30%-ს კი თავად მოსახლეობა ფარავს. აღნიშნულ შემთხვევაში, სოციალურად დაუცველებს შექმნილი აქვთ ამხანაგობა და ხვალ უნდა შეიტანონ მერიაში წერილი დაფინანსებასთან დაკავშირებით. როცა ხარჯთაღრიცხვა იქნება ცნობილი, სამინისტრო ასევე გაარკვევს, რა ფორმით შეიძლება საკითხის მოგვარებაში ჩართვა. რაც შეეხება დევნილებისთვის ფართის დაკანონებას, ვისაც დაკანონების სურვილი აქვს, ოფიციალურად უნდა მომართოს სამინისტროს და სამინისტრო განიხილავს მათ წინადადებას, ხოლო რაც შეეხება 4 ოჯახს, რომელთაც დაკანონების სურვილი არ გააჩნიათ, თვის ბოლოდან იწყება ანკეტირების პროცესი თბილისში ბინების განაწილებაზე. ყველას შეუძლია შეავსოს ანკეტები და ჩაერთოს დევნილთა განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ბინის განაწილების პროცესში.”