ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ითქვა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უძღვებოდა და რომელზეც 10 ივლისიდან მოწვეული რიგგარეშე სესიის 24-26 ივლისის სხდომების სავარაუდო დღის წესრიგზე იმსჯელეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის პროცედურების თაობაზეც. ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს “სააღსრულებო წარმოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტს, რომლის ინიციატორი პარლამენტის 49 წევრია, ხოლო ავტორი – პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე. იგი იმ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების საკითხს ეხება, რომლებზეც საკუთრება მოპოვებულია სესხის ან/და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.
ბიურომ ასევე განიხილა საორგანიზაციო საკითხები. პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტოს დაძლევა მოუწევს. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შემოვიდა პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტის მიერ 28 ივნისს მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილი “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტის შენიშვნებით დაბრუნების შესახებ. პარლამენტი ამ საკითხს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს.
პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე ასევე გეგმავს საქართველოს სახალხო დამცველის მოსმენას. ბიუროს წარედგინა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა “2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშზე.
ბიურომ დაამტკიცა ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებები, ცნობად მიიღო პარლამენტის წევრის, ანზორ ბოლქვაძის მიმართვა საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა-მაჟორიტარებიდან” გასვლისა და დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩენის შესახებ.
ბიუროს შემდეგი სხდომა 22 ივლისს გაიმართება, რომელზეც დააზუსტებენ პარლამენტის სხდომებზე განსახილველი საკითხების ნუსხას. პარლამენტის სხდომები, სავარაუდოდ, 29-31 ივლისსაც გაიმართება.