საია-ს იურისტის თათული თოდუას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ცვლილება მიმდინარე წელს ამოქმედდეს, რაც ხელს შეუწყობს ქართული მართლმსაჯულების მეტ გამჭვირვალობას. ასევე, შესაძლებელი იქნება მოწმისთვის სტრესული მდგომარეობის თავიდან აცილება, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოწმის უფლებებს.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ასევე, კოალიციაში _ “დამოუკიდებელი გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” შემავალი 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მხარს არ უჭერენ მხარს წარმოდგენილ კანონპროექტს, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. კანონპროექტით გათვალისწინებულია მოწმეთა დაკითხვის ახალი წესების ამოქმედების დროში გადავადება. მოქმედი რედაქციით ეს წესები უნდა ამოქმედდეს 2013 წლის სექტემბრიდან, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის უზრუნველსაყოფად. დღეს მოქმედი წესები ბრალდების მხარეს გაუმართლებლად დიდ უპირატესობას ანიჭებს, დაცვის მხარე შეზღუდული უფლებებით სარგებლობს. ახალი წესების თანახმად მოწმის დაკითხვა მხოლოდ სასამართლო პროცესზე იწარმოებს, ორივე მხარის თანამონაწილებით. ბრალდების მხარეს არ ექნება შესაძლებლობა, რომ ამ დაკითხვით, სტრესული მდგომარეობიდან გამომდინარე, გარკვეული ზეწოლა მოახდინოს მოწმეზე. ჩვენ გვსმენია არა ერთი გახმაურებული საქმე, სადაც მსგავსი შემთხვევები იყო. მაგალითად, მიქაუტაძის, საქმე, სადაც ფიზიკური ზეწოლის ძალიან დიდი ეჭვი არსებობს; მეორე არის ივანიაძის საქმე, სადაც ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეა საუბარი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ ახალი წესების დაუყოვნებლივ ამოქმედება მიგვაჩნია უმნიშვნელოვანეს ეტაპად ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში. არავითარ შემთხვევაში არ ვუჭერთ მხარს მთავრობის ინიციატივას კანონპროექტის ამოქმედების გადავადების შესახებ,” _ განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თათული თოდუამ.
აღნიშნული კანონპროექტის განხილვა დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მიმდინარეობდა, სადაც მიწვეული იყო მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, რომელიც აღნიშნული კანონპროექტის ამოქმედების გადავადებას მოითხოვდა.