პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილის ინიციატივით წარმოდგენილი”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმიანობა ფარმაცევტული წარმოების, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის, ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვის გარეშე 4000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 8000 ლარით. კობა დავითაშვილის ინიციატივას კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, რეგულაციების გამკაცრებით საზოგადოება, განსაკუთრებით კი – მოზარდები, უკეთ იქნებიან დაცული საფრთხეებისაგან, რომელიც აღნიშნული პრეპარატების არასათანადო გამოყენებით მათ ჯანმრთელობას ექმნება.