უხვმა ნალექმა ცაგერის მუნიციპალიტეტში, კურორტ ლაშიჭალასთან ინფრასტრუქტურა დააზიანა და საავტომობილო გადაადგილება შეზღუდა.
მერიის ინფორმაციით,ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ლაჯანურმა დროებითი ხიდის ბურჯები გამორეცხა, რის გამოც ნაგებობა ჩამოინგრა. დაზიანდა ასევე მშენებარე ხიდის მარჯვენა ბურჯი და სარეგულაციო კედელი.
ამასთან, საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია სასარაშვილის ღელის მიერ ჩამოტანილი ნაშალი მასალის გამო, რაც ლაშიჭალას მიმდებარე ტერიტორიებთან კავშირს ართულებს.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მდინარეში წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება.































































