მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნდა. CMIS-ის კვლევის მიხედვით, 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აგვისტოს პერიოდში, ქვეყანაში მედიის თავისუფლების დარღვევის 229 ინციდენტი დაფიქსირდა, რაც 117 მედია ორგანიზაციას და 174 ჟურნალისტს ინდივიდუალურად შეეხო, მათი უმეტესობა კი ერთზე მეტჯერ დაზარალდა. როგორც ორგანიზაცია წერს, ამ მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი ზომები მიიღო საიმისოდ, რომ დამოუკიდებელი მედიისთვის ფინანსური და სამართლებრივი გარემო არამდგრადი გამხდარიყო. CMIS-ის ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდში ყველაზე ხშირი ხასიათი შემდეგი სახის დარღვევებს ჰქონდა: სიტყვიერი თავდასხმები (102 შემთხვევა), სამართლებრივი ინციდენტები (81 შემთხვევა), ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევა (33 შემთხვევა), შრომითი უფლებების დარღვევა (21 შემთხვევა), რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება (15 შემთხვევა). სიტყვიერი თავდასხმის ყველაზე გავრცელებული ფორმა კი დისკრედიტაცია იყო – „სიტყვიერი თავდასხმის 102 შემთხვევიდან 69 წარმოადგენდა მცდელობას, დამოუკიდებელი ჟურნალისტები და მედიასაშუალებები წარმოეჩინათ უცხოეთიდან დაფინანსებულ პროპაგანდის ინსტრუმენტებად, რომლებიც უცხოურ ინტერესებს ემსახურებიან. ამ დარღვევებზე პასუხისმგებლობა, ძირითადად, სახელმწიფოს ეკისრება“.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ დარღვევებზე პასუხისმგებელ სუბიექტებად ყველაზე ხშირად სახელდებოდნენ: სასამართლოები (46), სამართალდამცავი უწყებები (32), პროსამთავრობო მედიასაშუალებები (27), შემდეგ კი – პარტია „ქართული ოცნება“, საქართველოს პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის გამკაცრებამ ქვეყანაში მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესა, ცვლილებების უმეტესობა კი დაჩქარებული წესით, სათანადო საპარლამენტო და საზოგადოებრივი განხილვის გარეშე იქნა მიღებული:
„საანგარიშო პერიოდში საკანონმდებლო ცვლილებების სამმა ტალღამ – 2025 წლის ოქტომბერში, 2025 წლის დეკემბერსა და 2026 წლის მარტში – კიდევ უფრო გაამკაცრა სანქციები საპროტესტო აქტივობებთან დაკავშირებული ქმედებებისთვის, გააფართოვა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განმეორებითი სამართალდარღვევებისთვის და მთავრობის ნებართვის გარეშე უცხოური დაფინანსების მიღება სისხლის სამართლის დანაშაულად აქცია“.
კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ კი ჟურნალისტები დააკავეს და დააპატიმრეს როგორც პროფესიული მოვალეობების შესრულებისას, ისე საპროტესტო აქციებში მონაწილეობის დროს. მათ საანგარიშო პერიოდში, მთლიანობაში, 16 ასეთი შემთხვევა დააფიქსირეს.
კვლევის მიხედვით, მზია ამაღლობელის საქმე ნათლად აჩვენებს, თუ როგორ დაიხურა შიდა სამართლებრივი დაცვის ყველა მექანიზმი: პატიმრობაში მყოფმა „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა ამ პერიოდში საქართველოს სასამართლო სისტემის ყველა ინსტანცია ამოწურა, უზენაესმა სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე თქვა უარი თქვა მისი საქმის არსებითად განხილვაზე. „ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ საკუთარ ქმედებას არ ნანობს. ეუთოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციებს უარი ეთქვათ მასთან შეხვედრის ნებართვაზე, ხოლო პრემიერ მინისტრის წინააღმდეგ მის მიერ შეტანილი ორი ცილისწამების სარჩელი განხილვის გარეშე შეწყდა. მისი სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უკვე ოთხი განაცხადია წარდგენილი“.































































