და მოუწოდა, კარგად დაფიქრდნენ, თუ რატომ დახვდა ზუგდიდი “ნაციონალურ მოძრაობას” ასე აგრესიულად მაშინ, როცა არჩევნებზე მათგან ხმები მიიღეს. კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ინტერესებში აგრესია და არეულობის მოწყობა არ შედის, რადგან ქვეყანა დიდი საერთაშორისო გამოწვევების წინაშე დგას.
“მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ “ქართული ოცნების” ინტერესებში ნამდვილად არ შედის მსგავსი ქმედებები და აგრესია, როდესაც უამრავი საერთაშორისო გამოწვევის წინაშე ვართ. წინ გვაქვს ვილნიუსის სამიტი და კიდევ ერთხელ ჩასაბარებელი დემოკრატიის ტესტი. მე მოვუწოდებ “ნაციონალური მოძრაობას”, მოარიდოს თავი უპასუხისმგებლო განცხადებებს. როცა ხელს იშვერენ “ქართული ოცნებისკენ” და გვადანაშაულებენ აგრესიაში, რომელიც ნამდვილად არ შედის ჩვენს ინტერესებში. სხვათაშორის, იმ კადრებში კარგად ჩანდა, ბატონი დამენია, რომელიც როლანდ ახალაიას შტაბის უფროსი იყო. იქნებ, ჰკითხოთ თქვენს თავებს, რა მოხდა ასეთი, რატომ გიწყობენ ასეთ დახვედრას ზუგდიდში, რომელმაც ხმა მოგცათ? დაფიქრდით და ისე გააკეთეთ დასკვნები,” _ ასე მიმართა მანანა კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც ზუგდიდსა და ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შიდა პარტიული პრაიმერიზის დროს მომხდარ არეულობაში მმართველ გუნდს ადანაშაულებს.
დღევანდელი საპარლამენტო სესია პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა, სადაც საპარლამენტო უმცირესობამ ზუგდიდსა და ბათუმში მომხდარი არეულობა გაიხსენა და მის ორგანიზებაში კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” დაადანაშაულა.