_ “დავით ზურაბიშვილი არავის არ გადაუყენებია, ეს არის ნორმალური პროცედურა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, როდესაც იცვლება სამინისტროში პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მასთან ერთად ავტომატურად თავისუფლდება ყველა მინისტრის მოადგილე. რა თქმა უნდა, ვდარდობ, რომ ბატონი დავითის ეს დიდი პოლიტიკური ნიჭი მრჩევლის პოსტზე გამოყენებული არ იქნება, შეთავაზება იყო მისი პოლიტიკური უნარებიდან გამომდინარე. თუ პრემიერი არ ჩაერია ამ საქმეში, რა უფლება მაქვს მე ჩავერიო ამ სამინისტროს კადრების ფორმირებაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია მეცხრე არხის ეთერში.
_ განათლების სამინისტროში მიმდინარე პროცესების ფონზე კითხვები ჩნდება პრეზიდენტის არჩევნების მიმართ. არ ჩანს ნათლად, თავად “ქართულ ოცნებას” რა ტიპის პოლიტიკურ სუბიექტად წარმოუდგენია თავი? თუ “ოცნება” კოალიციაა, კოალიციაში პოლიტიკური თანამდებობის პირები პარტიებს შორის შეთანხმებით ინიშნებიან! ევროპაში ასეა (ამაზე მაინც ნუ ვიკამათებთ), ფორმალურად, მაინც უნდა შედგეს შეთანხმება! ხელისუფლების პრეზიდენტობის კანდიდატი რომ ამბობს, მინისტრი ვისაც უნდა, იმას დანიშნავს მოადგილედ და ეს ევროსტანდარტიაო, ევროპაში ასე არ ხდება. მაშინ კოალიცია კი არა, ერთი პარტია ყოფილან! თუ ასე სურთ, ერთ პარტიად ყოფნაც არ არის ცუდი, მაგრამ რა გამოდის – როცა პრეზიდენტის სახელისუფლო კანდიდატზეა საუბარი და ვინმე იტყვის, სამივე უმაღლესი პირი ერთი პარტიიდან, შეიძლება არც ისე დემოკრატიული მოვლენა იყოსო, პასუხად ისმის, ერთ პარტიას რატომ გვეძახით, კოალიცია ვართო და როცა მინისტრის მოადგილეზეა საუბარი – მაშინ აღარ არიან კოალიცია?! _ აღნიშნა პუბლიცისტმა, ვასილ მაღლაფერიძემ.