გუნდებში როგორც ვეტერანი, ისე მოქმედი ფეხბურთელები თამაშობდნენ. ანგარიშით 4: 3 გაიმარჯვეს უკრაინელმა ფეხბურთელებმა.
როგორც ჩვენთან საუბარში ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ზაზა ურუშაძის ამბობდა, თამაშს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრებოდა, თუმცა დაანონსებული სტუმრობა ლანჩხუთში არ შედგა _ პრემიერ-მინისტრის მოლოდინში მყოფი გულშემატკივარი იმედგაცრუებული დარჩა. მატჩს მხოლოდ სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი დაესწრო, რომელმაც ” გურია ნიუსთან” ასეთი კომენტარი გააკეთა:
“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა _ კიდევ ერთხელ გაცოცხლდა ლანჩხუთი ფეხბურთის ხათრით. ლანჩხუთელებსა და გურიას დიდი ფეხბურთი მოენატრა. მადლობა მინდა გადავუხადო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, რომლის ინიციატივითაც მოხდა სტუმრების მოწვევა კიევიდან, რომლის ინიციატივითაც ხდება გუნდის სტრუქტურის ჩამოყალიბება. მე ვიმედოვნებ , რომ ლანჩხუთში კიდევ აგუგუნდება ტრიბუნები და ლანჩხუთელები ნამდვილ ფეხბურთს იხილავენ,” _ გვითხრა ლევან ყიფიანმა.