დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ შს მინისტრი მერაბიშვილი საკუთარ თანამშრომლებს პრემიის სახით ჰიბრიდულ სიმინდსაც ურიგებდა.
მინისტრმა მერაბიშვილმა 2011 წლის 11 მარტს ს.ს. “საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის” მიერ წარმოებული სიმინდის (Pioner Hi Bred) სათესლე მასალის შესყიდვა და სამინისტროს დანაყოფებში დარიგება გადაწყვიტა. მინისტრის გადაწყვეტილებით, სიმინდის დარიგებას წახალისების ფორმა უნდა ჰქონოდა და დანაყოფების ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებაც მისცა. 12 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ 250.8 ათასი ლარის შეადგინა. შს სამინისტრომ ს.ს. “საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციისგან” 4180 ტომარა (5 კგ-იანი), ჯამში 20 900 კგ სიმინდის სათესლე მასალა მიიღო.
სათესლე მასალა, პრემიის სახით, უფასოდ დაურიგდა როგორც სამინისტროს ადმინისტრაციის, ასევე სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლების ნაწილს (როგორც ქალაქების, ისე სოფლების მაცხოვრებლებს). როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული შესყიდვის გახორციელება შესყიდვის წლიური გეგმით გათვალისწინებული არ ყოფილა და მასში შესაბამისი ცვლილება 12 მარტს განხორციელდა., შესყიდვების სააგენტოს კი ინფორმაცია 14 მარტს გაეგზავნა. შს სამინისტროს თანამშრომლებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს განუმარტეს, რომ ამ შესყიდვის განხორციელება გამარტივებული მეთოდით, გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ გადიოდა თესვის აგროტექნიკური ვადები, “თუმცა, ვერ მივიღეთ განმარტება იმის შესახებ, თუ რა კავშირშია სათესლე სიმინდის შესყიდვა სამინისტროს საქმიანობასთან,” _ ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
შს სამინისტრომ სიმინდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 250.8 ათასი ლარი გადაიხადა, ისე რომ მინისტრის ბრძანებით საჩუქრის სახით გაცემული სიმინდის ღირებულება (1 ტომარა _ 72 ლარი) ხელფასიდან არც ერთ თანამშრომელს არ დაქვითვია.