“ძალიან გაოცებული ვარ ბატონი დავით უსუფაშვილის კომენტარით იმასთან დაკავშირებით, თითქოს კანონში რაღაც ცვლილებები შედის სპეციალურად ნინო ბურჯანაძისთვის. ეს არის არასწორი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ მე ეს ცვლილება არაფერში მჭირდება.
რამდენადაც ვიცი, ცვლილება შედის კანონპროექტში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კანონში იყო შეცდომა, ლაფსუსი და უბრალოდ სირცხვილი იყო იმ ნორმის დატოვება, რომელიც იყო და აქ არაფერ შუაშია ნინო ბურჯანაძე. თუ უნდათ, ნუ მიიღებენ ამ ცვლილებას, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ არასოდეს არანაირი ცვლილება არ უნდა იქნას მიღებული კონკრეტული პიროვნებისათვის, კონკრეტულ პიროვნებაზე მოსარგებად. კანონი უნდა იყოს მიღებული ან შესწორებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს სამართლებრივი და იურიდიული ტექნიკა ან არსებული რეალობა და არა იმიტომ, რომ ეს ვინმეს უნდა, ან არ უნდა. რამდენად უწევს პარლამენტი ან დღევანდელი ხელისუფლება ანგარიშს იმას, თუ რა უნდა ან რა ჭირდება ნინო ბურჯანაძეს და საარჩევნო გარემოს, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა საარჩევნო გარემოზე მიღებული გადაწყვეტილებით, როდესაც მხოლოდ ჩვენი პარტია აღმოჩნდა დაფინანსების გარეშე. ის პარტია, რომელმაც სხვათაშორის, ყველაზე მეტი გააკეთა იმისთვის, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსულიყო.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი პარლამენტის პრობლემა არის ის, რომ კანონები მიიღება სერიოზული ანალიზის და განხილვის გარეშე. კანონებში არის ძალიან სერიოზული ხარვეზები და სამწუხაროდ, შეინიშნება ტენდენციები კანონების კონკრეტული სურვილების ან კონკრეტული პიროვნებებისათვის მორგების. მე ამ შემთხვევაში ვითხოვ და მოვითხოვ რომ პირადად ჩემთვის ნურანაირ ცვლილებებს კანონში ნუ შეიტანენ”.