“გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ ამ განცხადებას.
“კუს ტბის ტერიტორიაზე ბავშვთა მოსასვენებელი ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებთან არაფრის მომცემი დავის ნაცვლად, გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია მიმდინარე პროექტის შესახებ.
განვმარტავთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს და არც იგეგმება ხეების გაჩეხვა, მხოლოდ ბუჩქოვანი ნარგავების გადარგვა (ტერიტორიაზე განთავსებულია ძირითადად ბუჩქოვანი ნარგავები და რამოდენიმე ფოთლოვანი ხე) ხდება და პროექტის დასრულების შემდეგ ტერიტორიის დამატებითი ნარგავებით გამწვანება მოხდება.
კუს ტბის მიმდებარედ არსებული 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზონა (რზ-3) 2011 წელს, აუქციონის წესით 650 000 ლარად შპს “ემ ჯგუფი ინფო”-ზე გასხვისდა, რომელსაც შემდეგ შპს “კოლორიტი” ჩაენაცვლა. ინვესტორს ვალდებულება ეკისრება, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი და საოჯახო ტიპის მოსასვენებელი რეკრეაციული ზონა მოაწყოს. ასევე გაარემონტოს ე.წ “ციყვების” ატრაქციონი და უზრუნველყოს ტერიტორიის შემდგომი მოვლა-პატრონობა.
შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე პროექტი კანონის სრული დაცვით, არსებული გარემოსთვის ზიანის მიუყენებლად ხორციელდება, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი რეკრეაციული ზონა შეემატება”, _ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რესტორნის მშენებლობის მიზნით ხეების გაჩეხვა დაიწყეს, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. არასამთავრობოების წარმომადგენლებმა და თბილისის მაცხოვრებლებმა ტერიტორიაზე რამდენიმე აქცია გამართეს და ინვესტორს ხეების ამოთხრის საშუალება არ მისცეს.