სასჯელაღსრულების სამინისტრომ პასუხად იმ თანამშრომლების სია გამოაქვეყნა, რომელთა კარიერაც პატიმრის გარდაცვალებას შეეწირა.
– “გვსურს განვაცხადოთ, რომ ლევან კორტავას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, 2013 წლის 28 მაისს, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ შემდეგი პირები: გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი მალხაზ სინაურიძე; გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილე თენგიზ კუჭავა; გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილე ივერი გოგიბერიძე.
2013 წლის 4 ივნისს დაკავებული თანამდებობები დატოვეს სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა ოთარ გულიაშვილმა და უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ოთარ მარდალეიშვილმა.
ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში არასწორადაა ციტირებული პროკურატურის განცხადება, თითქოს, “გეგუთის ციხის თანამშრომელი პატიმარზე უკანონო ზეგავლენის მოხდენას ავალებდა იმავე დაწესებულების სხვა პატიმრებს, რომელთაც სავარაუდოდ გარკვეული კრიმინალური ავტორიტეტი გააჩნდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში”, სინამდვილეში, ზუსტი ციტირება ასეთია: “გეგუთის დაწესებულების თანამშრომელმა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის უგულვებელყოფით, კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა დაავალა ერთ-ერთ მსჯავრდებულს”.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგს, მას აწარმოებს სახალხო დამცველი და მასთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რომლის შემადგენლობა, წინა წლებთან შედარებით, რამდენჯერმე გაიზარდა და მასში მონაწილეობს 20 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებმაც უკვე გაიარეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტრენინგი,” _ ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.