ამის შესახებ “გურია ნიუსს” კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა.
ოჯახში მისულებს ეს ინფორმაცია ზაზა დამენიას დედამ, ციური წერეთელმა დაგვიდასტურა. მისი განცხადებით, პრეზიდენტი წუთი წუთზე უნდა მოსულიყო. აქვე, დილიდანვე, იმყოფებოდა გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი, რომელმაც პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ოჯახს წინასწარ აცნობა. ჩვენი ინფორმაციით, ოჯახი გააფრთხილეს, რომ ეს ინფორმაცია არ უნდა გახმაურებულიყო.
დილიდანვე დამენიების სახლთან მობილიზებული იყო პრეზიდენტის დაცვის სამსახურის მანქანები, ადგილზევე იმყოფებოდა შსს გურიის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლები, არსად ჩანდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
როცა დაცვის თანამშრომელმა დაგვინახა, დაინტერესდა, რომელ მედიას წარმოვადგენდით და განგვიცხადა, რომ ყველაფერს შეათანხმებდა პრეზიდენტის პრესცენტრთან და საქმის კურსში ჩააყენებდა.
მიუხედავად ხანგრძლივი ლოდინისა და სპეცსამსახურების მობილიზებისა, პრეზიდენტი დამენიას ოჯახში არ მოვიდა. როგორც დაცვის სამსახურის თანამშრომელმა ეროვნული გმირის დედას განუცხადა, სააკაშვილის სტუმრობა ოზურგეთში ობიექტური მიზეზების გამო, რამდენიმე დღით გადაიდო და გაუგებრობისთვის ბოდიში მოუხადა.
გურიის გუბერნატორის ვალერი ჩიტაიშვილის განცხადებით, იგი ინფორმაციას ფლობდა პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ, თუმცა, რა მიზეზით ვერ მოხერხდა მისი ჩამოსვლა, ამის შესახებ არ იცის: _ მე როგორც ვიცი, შეხვედრა გადაიდო, _ გვითხრა ჩიტაიშვილმა.