წელს გურული მსახიობები სტუმრობდნენ ახალციხეს, სადაც მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოადგინეს სამი სპექტაკლი: შ. დადიანის “გუშინდელნი” (რეჟისორი _ შ. ბაბილოძე), აზიზ ნესინის “მომკალ, მომკალ, ჩემო კარგო” და ო. ბაღათურიას “მეფე ლირი თავშესაფარში” (რეჟისორი _ ო. კუტალაძე).
სამივე სპექტაკლი მაყურებელმა გულთბილად მიიღო. სპექტაკლებს ახალციხის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს ოზურგეთის შემოქმედებით ჯგუფს ასეთი მაღალი დონის სპექტაკლების წარმოდგენისთვის.
ლია სულუაშვილი, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი: _ არაჩვეულებრივი სპექტაკლები ვნახეთ. თითოეულ მათგანში გამოკვეთილია, როგორც რეჟისორები, ასევე მსახიობები, შესანიშნავი სცენური სამყარო იყო შექმნილი სცენოგრაფიითა და მუსიკალური გაფორმებით. იყო დრო, როცა ჩვენი თეატრიც დადიოდა გასტროლებზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთაც, მაგრამ შემდეგ მძიმე პერიოდი დადგა და გარკვეული დროის მანძილზე ვერ შევძელით რეგიონებში გაგვეტანა სპექტაკლები. მოხარული ვარ, რომ ოზურგეთის თეატრმა შეძლო, ჩამოსულიყო ჩვენს ქალაქში და ჩვენი მაყურებლისთვის ეჩვენებინა სამი შესანიშნავი სპექტაკლი. იმედი მაქვს, ოზურგეთისა და ახალციხის თეატრებს შორის შემოქმედებითი ურთიერთობა კვლავ წარმატებით გაგრძელდება.
ვასილ ჩიგოგიძე, რეჟისორი: _ აღფრთოვანებული ვარ. მაყურებელმა უდიდესი სიხარულით მიიღო სამივე სპექტაკლი. ეს იყო სრული შერწყმა მაყურებელსა და სცენას შორის. ეს არის სწორედ ის სინთეზი, რომელიც ჭეშმარიტად უნდა არსებობდეს თეატრში. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ახალციხის თეატრის ხელმძღვანელობას, რომელმაც ასე გულთბილი შეხვედრა მოუწყო ოზურგეთის თეატრს. ქართულმა თეატრმა ბევრი რამ გააკეთა მესხეთში და მათ შორის ახალციხის თეატრმა.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ოზურგეთის თეატრს ასეთ დიდ წარმატებას და მჯერა, რომ ის ხიდი, რომელიც ოზურგეთისა და ახალციხის თეატრებს შორის გაიდო, მყარი და ურყევი იქნება.
ოთარ კუტალაძე, ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: _ როცა საგასტროლო მოგზაურობის გეგმას ვიხილავდით, თეატრის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, არჩევანი გაკეთდა ახალციხის თეატრზე. შეიძლება ითქვას, ჩვენი იდეა წარმატებით გახორციელდა. სპექტაკლების ჩვენების შემდეგ, დავიწყეთ გეგმის მეორე ნაწილის გახორციელება _ დავათვალიერეთ რაბათის ციხე, ვიყავით ვარძიაში, ბორჯომის პარკში და მოვინახულეთ ამ მხარის სხვა ღირსშესანიშნავი ადგილები. კმაყოფილი და ამაღლებული განწყობით დავბრუნდით მშობლიურ კუთხეში. ამით თეატრის სეზონი დასრულდა, რომელიც სექტემბერში კვლავ წარმატებით განახლდება.
ზაზა ჯინჭარაძე, ოზურგეთის თეატრის მმართველი: _ საოცარი დღეები გვქონდა ახალციხეში. ჩვენ ყოველ წუთს ვგრძნობდით ადგილობრივი ხელისუფლებისა და თეატრის ხელმძღვანელების თანადგომას. თითოეულ სპექტაკლზე დაიწერა რეცენზიები, ჩაიწერეს ინტერვიუები მსახიობებთან, ჩვენი გასტროლი გადაიცა სხვადასხვა სატელევიზიო არხით. მოხარული ვარ, რომ ახალციხის მოსახლეობა ჩვენი მსახიობებისადმი განსაკუთრებული პატივისცემით განიმსჭვალნენ. რაც ჭეშმარიტად არის ოზურგეთის თეატრის შემოქმედებითი და ტექნიკური პერსონალის ერთობლივი მუშაობის შედეგი. ამ გასტროლით ახალციხისა და ოზურგეთის თეატრებს შორის მეგობრული ხიდი გაიდო.