უკვე მეორე დღეა, რაც ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიცის აეროპორტში, ირაკლი ოქრუაშვილმა მერაბ სამადაშვილი სცემა. გავრცელებული ინფორმაციით, სამადაშვილმა შვებულება ნიცაში გაატარა და საქართველოში მოემგზავრებოდა, როდესაც აეროპორტში შემთხვევით გადააწყდა ოქრუაშვილს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მას პოლიტიკური წარსული და ნაციონალური მოძრაობის დაფინანსება გაუხსენა და რამდენჯერმე დაარტყა. თავად ოქრუაშვილი, ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს მომხდარის შესახებ.
_ ბატონო მერაბ, ადასტურებთ თუ არა ნიცას აეროპორტში ირაკლი ოქრუაშვილთან მომხდარ ინციდენტს, რის შესახებაც მედიასაშუალებებში უკვე მეორე დღეა იწერება და ვრცელდება სოციალური ქსელითაც?
_ მე არ ვიცი ეს ოქრუაშვილმა დაადასტურა თუ არა და მინდა, რომ ოქრუაშვილმა დაადასტუროს ეს ფაქტი და გამოთქვას მისი აზრი _ ან დაადასტუროს, ან უარყოს.
_ ოქრუაშვილის კომენტარი ამ დრომდე არ გავრცელებულა, თუმცა, მისი უახლოესი გარემოცვა და ამის შესახებ საკმაოდ აქტიურად წერს სოციალურ ქსელებში.
_ მოდით, აბა, დაველოდოთ ოქრუაშვილს, ის რას იტყვის.
_ საუბრობენ იმაზეც, რომ კონფლიქტი უკავშირდება 2008 წელს განვითარებულ მოვლენებს და მაშინ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, ამაზე რას გვეტყვით?
_ მე მაგის შესახებ არაფერი მსმენია და თუ რამე ფაქტი აქვთ, ალბათ იტყვიან.
_ ანუ, ჯერ დაელოდებით ოქრუაშვილის პასუხს და შემდეგ უფრო დეტალურად ისაუბრებთ?
_ რა თქმა უნდა. ოქრუაშვილმა ან უარყოს, ან დაადასტუროს გავრცელებული ინფორმაცია.
_ რას ელოდებით, უარყოფს თუ დაადასტურებს?
_ ვნახოთ, დაველოდები რას იზამს.
_ თქვენ და ოქრუაშვილი ნამდვილად შეხვდით ერთმანეთს ნიცას აეროპორტში?
_ დიახ, შევხვდით და არა მხოლოდ მე და ოქრუაშვილი, იქ სხვა პიროვნებებიც იყვნენ.
_ ანუ ამ ამბავს ჰყავდა თვითმხილველები, ვინ იყვნენ ისინი?
_ ჯერ დაველოდები რას იტყვის ოქრუაშვილი, სხვა ინფორმაციის გავრცელებისგან მანამდე თავს შევიკავებ.