როგორც მოქალაქეებმა _ გიგლა ნადარაიამ და გურამ ბებურიამ განაცხადეს, გამგებელმა მათ მიერ მიტანილი განცხადება დაჭმუჭნა და დაცვის საშუალებით ისინი კაბინეტიდან გაადგო.
გიგლა ნადარაია: “მეზობლებმა დავწერეთ კოლექტიური განცხადება და გადავწყვიტეთ, მივსულიყავით რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭები რატომღაც შეშინებულები არიან და ამიტომ მხოლოდ მე და ჩემი 67 წლის მეზობელი გურამ ბებურია წავედით. მისაღებში რიგი იყო, ჩვენი ჯერი რომ მოვიდა, შევედით, მივეცით განცხადება გამგებელს. წაიკითხა და გადმოგვიგდო _ რა გააწყალეთ ამ მოქალაქეებმა გული, გამორიცხულია, არ გავაკეთებთ მაგ გზასო. მე ვუთხარი, ჯერ მოესმინა ჩემთვის, რადგან ხალხის გაგზავნილი ვიყავი და ათობით ადამიანის ხელმოწერილი განცხადება მივიტანე, მაგრამ მან მითხრა, ამომივიდა ყელში ეს ხალხიო. მე კიდევ მივაწოდე, ისევ გადმოაგდო, მესამედ მეც გავბრაზდი და საკმაოდ უხეშად მივაწოდე ფურცელი, ამაზე გაბრაზდა და დაცვას დაუძახა. შემოვიდა დაცვა, გადამიგრიხა ხელები და ძალით ცდილობდა ჩვენს გაყვანას ოთახიდან. ამ დროს დგებუაძემ განცხადება დაჭმუჭნა და ისევ გვესროლა. მე ზურგში მომხვდა და ფეხებთან დავარდა, ავიღე და წამოვიღე ბეჭდიანი და გატარებული განცხადება. დგებუაძეს ისიც ვუთხარი, რომ ის კაბინეტი, სადაც ზის, ხალხისაა და ხალხი არ აპატიებს ასეთ საქციელს. მე ახლა განცხადებას პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში დავწერ და ყველას გავაგებინებ, რა ხდება სენაკში. იმას, რაც დგებუაძემ გააკეთა, საკონცენტრაციო ბანაკში აკეთებდნენ. მთავრობა უნდა ემსახუროს ხალხს და არა ხალხი მთავრობას, სენაკში კი ყველაფერი პირიქით ხდება. გამგებელს მაჟორიტარის, გურამ მისაბიშვილის ზურგი აქვს. შეგვჭამეს ამ მისაბიშვილებმა, დგებუაძეებმა, ცაგურიებმა. თუ ვინმე ახალ თანამდებობაზე დაინიშნა, ისევ მისაბიშვილი ან დგებუაძე ან ცაგურია ან კიდევ მათი ნათესავი და ახლობელია. მისაბიშვილს რა უნდა საერთოდ პარლამენტში? მან თავის პარტიას უღალატა და ახლა “ოცნებას” მიეკედლა, ასე უნდა თავის გადარჩენა და ისევ მთავრობაში ყოფნა, არადა, ზურგს უკან ძირს უთხრიან ახალ მთავრობას. ერთხელაც არ მოსულა ხალხთან. სენაკის მთავრობაში ყველგან მისი ხალხია. კომუნისტებიდან მოყოლებული ვერ გაძღა, ახლაც ნახეთ, რამდენი მაღაზია აქვს. პირდაპირ ვეტყვი, რომ დასაჭერია. არ გავჩერდებით და სამართალს მაინც ვიპოვით.”
გურამ ბებურია: “გამსახურდიას ქუჩა სანახევროდაა გაკეთებული, მხოლოდ დასაწყისში, სადაც ჩანს. ამიტომ მივმართეთ განცხადებით რაიონის გამგებელს, რომ ბოლომდე დაეგოთ ასფალტი, მაგრამ როგორც კი წაიკითხა განცხადება, მაშინვე გვითხრა, ყელში ამომივიდა თქვენი განცხადებაც და ქუჩაცო, არ გაკეთდებაო და განცხადება გადმოგვიგდო. აიღო ნადარაიამ განცხადება და ისევ მიაწოდა, კიდევ გადმოაგდო, გიგლამ კიდევ მიაწოდა, გაბრაზდა დგებუაძე და ხელები ურტყა მაგიდას, თან ყვიროდა _ გადით, გადითო. მერე გამოიძახა დაცვა და გამოგვყარა. ახლა მე უკვე გზის გაკეთება აღარ მაინტერესებს, ახლა მაინტერესებს, ვისია გამგეობა, გამგებლის კერძო საკუთრებაა თუ ხალხისაა? რისთვის ზის იქ გამგებელი, თუ მოქალაქეებს პასუხს არ გასცემს? მე ვარ გლეხი, არ მაქვს განათლება, ასე ცემა-ტყეპით რომ გამოგვყრის, მეც არ მომითმენს ნერვები და ხელი რომ გავარტყა, ვინ იქნება დამნაშავე? რა თქმა უნდა, ისევ ჩვენ _ ის რახან მთავრობაა, მაინც გაამართლებენ. გამაგებინეთ, რა ხდება, ვინ უნდა მოგვაქციოს ყურადღება და გაგვცეს პასუხი? ამიტომაც, საპრეზიდენტო არჩევნებზე აღარ მივალთ. მაგათ მხოლოდ მაშინ ახსოვთ ხალხი, როცა ხმები სჭირდებათ.”
ჩვენ სენაკის რაიონის გამგებელს, გოჩა დგებუაძეს დავუკავშირდით და აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი ვთხოვეთ.
გოჩა დგებუაძე: _ ტყუილია ეგ ყველაფერი. ინციდენტი მოხდა, მაგრამ რაც თქვენ გითხრეს, მასეთი არაფერი ყოფილა.
_ რა ინციდენტი მოხდა?
_ შემოვიდა კოლექტიური განცხადება გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები ადამიანებისგან. მე ავუხსენი, რომ დარჩენილი გზის რემონტი ჩასმულია გეგმაში, მომავალ წელს გაგრძელდება და ბოლომდე დაიგება ასფალტი. ამ ადამიანმა არ მოინდომეს მოსმენა და როგორც დადასტურდა, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ვიღაცეების მიერ. წინა დღეს ვის ოფისში იყვნენ, რას აკეთებდნენ, ყველაფერი ვიცით.
_ ვის ოფისში იყვნენ?
_ მაგას არა აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება განცხადება დაჭმუჭნა და გვესროლაო, ეს არის სუფთა პროვოკაცია და ტყუილი. განცხადება თვითონ დაჭმუჭნადა გავიდა გარეთ.