მას შემდეგ რაც ვინტერესდები, თუ შეიცვალა რამე, რაც საკრებულოს თავმჯდომარე მათი პრობლემების გასაცნობად დიღომში მივიდა.
“გურია ნიუსი” ცოტა ხნის წინ დიღმის სოციალურ საცხოვრისში მყოფი ადამიანების ისტორიებზე წერდა, რომლებიც იანვარში შეიჭრნენ სოციალურად დაუცველებისთვის შვეიცარიის მხარის დაფინანსებით აშენებულ საცხოვრისებში. ისინი აცხადებენ, რომ აქ ცხოვრების კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და რომ ამის შესახებ სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავასგან სიტყვიერი თანხმობაც ჰქონდათ.
სიტუაცია ასეთია: დიღმის სოციალურ საცხოვრისში შესასახლებელ სიებში იანვარში აქ შემოსული 7 ოჯახი არ არის. ვინც სიაშია, ნაწილი ახლა შეასახლეს მეორე კორპუსში, ნაწილი აქ “შეჭრილების” გამოსახლებას ელოდება, თავად რომ შევიდნენ. საკრებულო და მერია 7 ოჯახს ქირით გაყვანას უპირებს, რაზეც სოციალურად დაუცველები უარს აცხადებენ.
უფრო დეტალურად რა მდგომარეობაა დიღმის სოციალურ საცხოვრისში, აქ მცხოვრები ლელა ხაჩიძე გვესაუბრება.
_ ძალიან ცუდი დღეები გვაქვს. იქითა კორპუსში შემოასახლეს ხალხი. შემოაქვთ ანტიკვარული ავეჯი, ელექტრო საქონელი, როგორი სოციალურად დაუცველები არიან, არ ვიცი. ჩვენ კი კბილის პასტასაც გვიკრძალავდნენ, არ უნდა გვქონოდა სახლში.
მე დავრეკე საკრებულოში და მაკას ( ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თბილისის საკრებულოში მაკა გვარამია) ვუთხარი, მოდით და ნახეთ თქვენი თვალით, რა კატეგორიის ხალხია შემოსული,-მეთქი. შეიძლება რამდენიმე ოჯახია გაჭირვებული, მაგრამ ძირითადად ასეთი კატეგორიაა.
შეიყვანეს ეს ხალხი, შეჭრილად აცხადებდნენ. ჩვენ გამოვიძახეთ ადგილობრივი პოლიცია, პოლიციას ვერ წარუდგინეს თუნდაც სოციალურად დაუცველობის საბუთი.
_ ეს ფაქტი დაფიქსირდა? ანუ არც ერთს არ ჰქონდა საბუთი?
_ დააფიქსირა ეს პოლიციამ. ასე უთხრეს, მერია გვიმზადებს საბუთებს და სამ-ოთხ დღეში იქნება მზადო.
ჩვენ სადაც ვართ, იქ გამოუშვეს 12 ოჯახი, ეს საცხოვრისი ხომ სულ 24 ოჯახზეა გათვლილი, თავიდან სამი ოჯახი მოგვადგა, რა თქმა უნდა ჯერ კარები არ გავხსენით. გვლანძღეს, გვთათხეს. შემდეგ მოვიდნენ ავტობუსით. იხუვლა ხალხმა, ჩვენ მოვასწარით სახლში შემოსვლა და დავკეტეთ კარები.
_ ირაკლი შიხიაშვილმა და მაკა გვარამიამ თქვენთან შეხვედრაზე თქვეს, რომ ვინც დააკმაყოფილებს თქვენ შორის კრიტერიუმებს, ის დარჩება ამ სოციალურ საცხოვრისშიო. ქალბატონ ნანა პაპოშვილს, რომელსაც შვილი ცერებრალური დამბლით ჰყავს ავად, უთხრეს, რომ მისი ოჯახი ნამდვილად დარჩება აქ. ახლა კი ყველა ოჯახის ქირით გასვლაზე საუბარი.
_ მომისმინე, ცისანა! ცერებრალური დამბლით დაავადებული თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი ერთია _ გაჭირვებული გაჭირვებულია. ყველა დედას თავისი შვილი უყვარს, ხომ მართალია?! ჩემი შვილის სიკვდილს დღე დღეზე ველოდები. გუშინ მერიის წარმომადგენლები იყვნენ ჩვენთან მოსულები. იმათაც ვუთხარი, პროკურატურაში უნდა შევიტანო სარჩელი, იმიტომ რომ მე არ ვარ კანონდამრღვევი. კანონდარღვევით მოუწოდა ჩინოვნიკმა ხალხს ამ საცხოვრისში შემოსვლა. მე ვიჯექი სახლში და ველოდი როდის განაწილდებოდა ეს ბინები. თუმცა, “შეჭრები” რომ დაიწყო, შემოვედი აქ, რომ დამეკავებინა ის ბინა, რომელიც კანონით მეკუთვნოდა.
სად წერია, აჩვენონ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მძიმე ავადმყოფს ასახლებდნენ ბინიდან? თუ ჩემი შვილი არ მეყოლება კარგად, საქართველოს სახელი არ მაინტერესებს. არავითარ შემთხვევაში არ ვაპატიებ მერიას. მე არც ქირა მინდა და არც არაფერი. მე მინდა საცხოვრისი იქ, სადაც მეკუთვნის. ჩემზე მეტი გაჭირვებული თუ არის, ისინი გაუშვან ქირით. ჩემი შვილი არის ავადმყოფი და მეკუთვნის დროებითი საცხოვრებელი. ცოტა ხანში მუშაობას რომ დავიწყებ, ამ საცხოვრის მაგათ გადავულოცავ.
_ თქვენ არ შემოგთავაზეს ქირა?
_ ეს თქვა გიორგი სანიკიძემ ზუსტად (სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი სანიკიძე), მაგრამ გადავუშალე საბუთები და ვაჩვენე, რომ ჩემი შვილი პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის პირია. ყოველდღე მის სიკვდილს ველოდები და მე მიშვებთ ქირით,-მეთქი? იცით, რას ვიზამ? ჯერ არავის რომ არ გაუკეთებია _ ამ ჩემს შვილს მერიის ფოიეში დავასვენებ და სამოქალაქო პანაშვიდებს იქ გადავიხდი. ვტიროდი, ცისანა, ადვილი ხომ არ არის შვილზე ასეთი რაღაცეები თქვა? ამას მართლა გავაკეთებ.
_ რა გადაწყვიტეთ 7-მა ოჯახმა _ ყველა უარს ამბობს ქირით გასვლაზე?
_ ნანაც უარს ამბობს. ჩვენი ალტერნატიული ფართები ეს არის. ჩვენ არ შევსულვართ სამთავრობო შენობებში. ცხოვრებაში არ ვყოფილვარ სოციალურად დაუცველი. ჩვენ ბინას ხომ არ ვითხოვთ? ვითხოვთ საცხოვრისს! საცხოვრისიდან მძიმე ავადმყოფს თუ გამოასახლებენ, აღარც მთავრობა გვყოლია ჩვენ და არც საზოგადოება ვყოფილვართ. გაიყვანონ თავიანთი ცოლ-შვილი ქირებით, როგორი იქნება?! გადაგვიხდიან 6 თვეს და მერე გვეტყვიან, რომ აღარ გვაქვს ფულიო! არავითარ შემთხვევაში! მე ქირას არ დავთანხმდები! თუ მთავრობა ჩვენი გასახლების ბრძანებას გასცემს, ან მერია, მაშინ ყველაფერი სხვანაირად დამთავრდება. ჩვენ ჩავრთავთ ინვალიდების საზოგადოებასაც, ყველას, მთელ ტელევიზიებს, რომ თუ ასეთ მძიმე ავადმყოფებს საცხოვრისიდან ასახლებენ, მაშინ ვინ შეყავთ?
_ როგორია ახლა თქვენი საცხოვრებელი პირობები? ადრე რომ ვიყავი, არ გქონდათ არც გაზი, არც შუქი და არც წყალი…
_ დღეს წყალი შემოუშვეს და დენი არ გვაქვს. იქით კორპუსში რომ შემოასახლეს ხალხი, იმიტომ შემოუშვეს, თორემ მაგათ ჩვენი დარდი არ აქვთ. 8 თვეა ჩვენ წამების ქვეშ ვართ, ფაქტობრივად.
მე მოვითხოვე კატეგორიულად, რომ მოვიდეს მამრიკიშვილი (მამუკა ქაცარავას მოადგილე) და ქაცარავა აქ. ქაცარავა იმიტომ უნდა მოვიდეს, რომ მე აქციის ქალი არ ვარ. ქაცარავასთან შეხვედრა რომ მოვითხოვე, წერილობით მომივიდა პასუხი, ქაცარავას მოქალაქეების მიღება არ აქვსო. რატომ არ უნდა ჰქონდეს მერის მოადგილეს მოქალაქეების მიღება?! მიბრძანდით მამრიკიშვილთანო. მამრიკიშვილმა ამიხსნა და მომაწოდა ინფორმაცია, რომ მე აუცილებლად დავკმაყოფილდებოდი ამ საცხოვრისით. სამთავრობო შენობებში რომ შეიჭრა ხალხი, ყველგან მაგათმა გაუშვეს. ამ საცხოვრისში ჩვენ დაპირისპირება გავიარეთ მერიასთან, ყოველ ორ დღეში ხალხს გვიგზავნიდნენ შემოჭრაზე.
_ მერიის ხალხი რომ იყო მოსული, არ უთხარით მამრიკიშვილის და ქაცარავას დაპირება, რომ თქვენ აუცილებლად მოხვდებოდით ამ სიებში და საცხოვრისშიც შემოხვიდოდით?
_ როგორ არა! ვუთხარით! იცით რა, კომისიები იყო და მათ გადაწყვიტესო. თქვენი კომისიები საერთოდ არც მაინტერესებს, იმიტომ რომ თქვენი და საერთოდ ნაციონალების მე არ მჯერა, ხალხო, არაფერი,-მეთქი, ასე ვუპასუხე!
კიდევ ის ვუთხარი, რომ კომისია კი არა, თქვენი ხალხია შემოსული,-მეთქი. ზოგი მერიის თანამშრომელი, მე მგონი, ზოგი _ ქაცარავას და ვიღაც-ვიღაცების ნათესავებია. იატაკზე მძინავს. საწოლებიც არ გვაქვს. მე, პირადად, ნაგავსაყრელებიდან მაქვს მატრასები მოტანილი. თუკი რამე მქონდა, ჩემი შვილის ჯანმრთელობისთვის ყველაფერი გავყიდე კაპიკებში და დავრჩი ისე. ახლა დააჯერონ მაგათმა, რომ სოციალურად დაუცველები არიან და თანაც დაბალი ქულები აქვთ.
ვუთხარი მერიის წარმომადგენლებს, რომ აქ შემოსახლებული ადამიანების მონაცემები ყველა გადამოწმდება. ახლა ვზივარ და პროკურატურაში გასაგზავნად ვამზადებს სარჩელს _ მამრიკიშვილის და ქაცარავას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დავაყენო, რომ ირღვევა ჩვენი ადამიანური უფლებები. 8 თვის განმავლობაში ჩვენ აქ წამების მეტი არაფერი არ გვინახავს და რომ ესენი ტყუიან. ჩვენ აქ ვიყავით უწყლოდ, უშუქოდ, უგაზოდ და უყველაფროდ და აბსოლუტურად არანაირი რეაგირება მერიას არ მოუხდენია.
ზუსტად ეგ მიუთითეთ თქვენს სტატიაში, ცისანა, ჩემს შვილს რამე რომ მოუვიდეს, თუ არ გავასვენო მერიის ფოიეში, ქალი არ ვიყო. მე შვილი თუ მომიკვდება, მერე არაფერი აღარ მენაღვლება!