პატიმრების განცხადებით, მათ არავინ მართავს და არც რაიმე სახის ზეწოლას ახორციელებს მათზე. მათი თქმით, “ნაციონალების” მიერ დასახელებული ერთ-ერთი პირი (სამწუხაროდ, ხმა ცუდად ისმოდა და მისი მეტსახელის დასახელებისგან თავს შევიკავებთ. ავტ), რომელიც თითქოს დღეს “მაკონტროლებელია,” აღნიშნულ დაწესებულებაში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბრიგადირად მუშაობდა და მათ პატიმრებმა საჩივარიც კი დაუწერეს რამდენჯერმე.
“ჩვენ არავინ გვაკონტროლებს, “მაკონტროლებლებს” ვგულისხმობთ და არავინ გვავიწროვებს. კონტროლიც და ზეწოლაც სწორედ მათი ხელისფლების პერიოდში ხდებოდა”, _ განაცხადეს პატიმრებმა “გურია ნიუსთან” საუბრისას.
სასაჯელაღსრულების სამინისტროს პასუხს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” სასჯელაღსრულების დაწესებულებების “კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან მართვის სქემა” გამოაქვეყნა.
“ნაციონალების” ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებას, ე.წ. “რეზბალნიცას” ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია, იგივე ტარასა მართავს.
“ნაციონალების” სქემის მიხედვით, ქსნის ციხეს მართავენ მურმან ტვილდიანი იგივე “ხალვა”, ასევე ირაკლი მალანია, იკო ნოხაძე, კახა გურგენიძე და ედგარ მამედოვი.
ქსნის ციხეში, “ნაციონალების” ცნობით, საერთო რეჟიმს ლაშა ქებურია “უყურებს”, კარცერს – ზაქრო ჯანგულაშვილი, სასადილოს – ჯაბა ხოსბერუაშვილი და ავთანდილ თავაძე, ხოლო სამედიცინო ნაწილს – გიორგი ილდანი.
გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, ე.წ. ტუბზონას მართავს კრიმინალური ავტორიტეტი არმაის გრიგორიანი, იგივე “მაისა”.
“ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული სქემის მიხედვით, გეგუთის კოლონიას ლაშა კვანტალიანი “აკონტროლებს”, ხოლო რუსთავის #6 დაწესებულებას – მირიანა იგივე “ჟინვალა”.
რუსთავის #17 დაწესებულებას კი, “ნაციონალების” ინფორმაციით, მართავენ გელა ტერტერაშვილი და კირილე ფხაკაძე, რომელიც მათივე ცნობით, ორი პოლიციელის მკვლელობისთვის არის გასამართლებული.
ამავე სქემის თანახმად, გლდანის ციხის ე.წ. მაყურებლები კი, ზურაბ ნონიაშვილი და ზურაბ ბრეგაძე იგივე “პრაკოლა” არიან.