სტიქიის გამო 3 ოჯახის ევაკუირება გახდა საჭირო. ადიდებულმა მდინარემ წყალგამტარი ხიდი დაანგრია და ქვა-ღორღი ადგილობრივების სახლებში შეიტანა. დატბორილია პირველი სართულები, დახოცილია შინაური ფრინველი და პირუტყვი:
_ ღამე საშინელმა ხმაურმა გამოგვაღვიძა. როცა გარეთ გამოვედით ეზო წყლით და ქვებით იყო სავსე. კიდევ კარგი ბავშვების გამოყვანა მოვახერხეთ, _ გვითხრეს ადგილობრივებმა.
მათივე ინფორმაციით, წუხელ, შემთხვევის ადგილზე სამაშველო და გამგეობის სამსახურები იმყოფებოდნენ. თუმცა, ამ ეტაპზე იქ არავინ არის. თავპანტელები სტიქიას შიშველი ხელებით ებრძვიან და სახლების, ეზოების და გზების გაწმენდას საკუთარი ძალებით ცდილობენ.
დაზარალებული ოჯახების გარდა, სასწრაფო დახმარებას გარესამყაროს მოწყვეტილი 35 ოჯახიც ითხოვს:
_ რომ დაგვჭირდეს სასწრაფოც ვერ ამოვა. ძალიან გთხოვთ, მიწვდინეთ ხელისუფლებას ხმა, რომ დაგვეხმარონ, _ გვითხრეს თავპანტაში.
ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით გზის გაწმენდითი სამუშაოები მალე დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობაც. ამ წუთებში, თავპანტაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, შოთა მურღულიას ელოდებიან.











































































