ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბ “გურიას” პრესცენტრი ავრცელებს.
ქართული ფეხბურთის ქომაგებს ემახსოვრებათ, რომ 25 აგვისტოს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურში, ბოლნისის “სიონმა” ლანჩხუთის “გურიას” თბილისში, “მიხეილ მესხზე” უმასპინძლა. მატჩი ლანჩხუთელებმა აქტიურად დაიწყეს, “სიონის” კართან არა ერთი მომენტიც შექმნეს, მაგრამ ამ უპირატესობის ანგარიშში ასახვა ვერ შეძლეს. ბოლნისელებმა კი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ 2:0 გაიმარჯვეს.
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემოდა და თამაშის მომენტები დღემდე “გურიას” გულშემატკივრებისთვის განხილვის თემაა.
“სიონი” – “გურიას” თამაშის 45-ე წუთზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა “გურიას” მარჯვენა მცველ არნო ჩუენსუსა და “სიონის” ნახევარმცველ გიორგი კახელიშვილს შორის _ ჩუენსუმ კახელიშვილთან ორთაბრძოლაში თამაშის წესები დაარღვია, კახელიშვილმა კი საპასუხოდ გვერდით მიმავალ ჩუენსუს ფეხი განზრახ ჩაარტყა და წააქცია. მსაჯმა დავით სანოძემ არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო და ყვითელი ბარათი, სიტუაციის გასარკვევად მისულ “გურიას” მეკარე მინდია ბობღიაშვილს უჩვენა, იმის მაგივრად, რომ კახელიშვილი გაეძევებინა მოედნიდან.
ეს ფაქტი დააფიქსირა ფეხბურთის ფედერაციამ და “სიონის” ფეხბურთელი გიორგი კახელიშვილი სამთამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, ხოლო მინდია ბობღიაშვილს ყვითელი ბარათი გაუუქმა. მსაჯთა ბრიგადას (სანოძე, სადილიანი, კუპატაძე, სილაგავა, კრიჭაშვილი, ნონიკაშვილი) გარკვეული ვადით აეკრძალა უმაღლესი ლიგის თამაშების მსაჯობა.